მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში

საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში

,,ზაგულბას''  საპრეზიდენტო სასახლეში, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრებზე, მხარეებმა საქართველო - აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები და მრავალმხრივი ურთიერთობების მიმართულებით, საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.
 
სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია რეგიონში, საქართველოს მეგობარ ქვეყანაში,  რომელთანაც გვაკავშირებს თანამშრომლობა და პარტნიორობა.
 
,,ჩვენი ქვეყნების მეგობრობას დიდი ისტორია აქვს, ძალიან ბევრი ტრადიცია გვაკავშირებს. ჩვენ დავიწყეთ თანამედროვე ცხოვრება ერთად.
100 წლის წინ, ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთ დროს პატარა ფედერაციაც გვქონდა და ჩვენ ერთობლივად განვიცადეთ რას ნიშნავს დამოუკიდებლობის დაკარგვა და რას ნიშნავდა განვლილი მძიმე წლები, რომლის წნეხიც ჩვენი სახელმწიფოების მშენებლობაზე დღესაც აღინიშნება.

ჩვენ ერთად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა  და ეს ბოლო წლები განვიცადეთ ერთნაირი ტრაგედიები და დღესაც განვიცდით იმას თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორია, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჯერ არ არის აღდგენილი, ოკუპაციის ხაზები ჩვენთვის დღესაც ღია ჭრილობაა, რომელიც ერთი მხრივ ჩვენს განვითარებას აფერხებს, მაგრამ ამავდროულად, ამ ტრაგედიების მიუხედავად, ჩვენ მაინც შევძელით გავაძლიერეთ ჩვენი სახელმწიფოები დ ვავითარებთ ეკონომიკას, რათა ჩვენი გზა, დამოუკიდებელ ქვეყნად განვაგრძოთ. ეს არ არის პატარა წარმატება და გამარჯვება.

ჩვენ არა მხოლოდ წარსულზე, არამედ მომავალზეც ბევრი გვაქვს სასაუბრო.
ვიმყოფებით რეგიონში, რომელსაც დიდი პერსპექტივები გააჩნია, ჩვენ ერთად განვახორციელეთ ბევრი პროექტი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გაფართოებული ფორმატით მიმდინარე შეხვედრაზე.
როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, აზერბაიჯანი  დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  ამ ვიზიტს.
 
"ჩვენ პირისპირ შეხვედრაზე რეგიონული პრობლემები განვიხილეთ, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
ჩვენ ერთად მრავალი საკითხი მოვაგვარეთ. აზერბაიჯანი და საქართველო ახლო მეგობრები და მოძმე ქვეყნები არიან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში კეთილმეზობლურ ატმოსფეროში მუშაობდნენ.
 
დღეს ვითარდება ჩვენი ურთიერთბები ერთობლივად ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და კონტინენტისათვის", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
Add to Twitter Add to Facebook