მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ახალციხეში მცირე მეწარმეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ახალციხეში მცირე მეწარმეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხეში, სახელმწიფო პროგრამებში ჩართულ ადგილობრივ მეწარმეებთან გამართა შეხვედრა და რეგიონების განვითარების მიმართულებით მცირე მეწარმეების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს რეგიონების განვითარება ქვეყნის განვითარების საფუძველია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ დედაქალაქი არ იყოს განვითარებული, ეს დისბალანსი გამოსწორდეს და მასთან ერთად რეგიონებიც გაძლიერდეს. სალომე ზურაბიშვილის აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს ახალგაზრდები ჩვენს ქვეყანას ტოვებენ არის ის, რომ ვერ პოულობენ სამომავლო პერსპექტივას და სწორედ ესაა გამოსასწორებელი - უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს რეგიონები. საქართველოს პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ შეხვედრას ქალი მეწარმეები ესწრებიან და ქვეყანაში უამრავი წარმატებული ქალი მეწარმეა, რაც ძალიან დადებითი მოვლენაა, რადგან ქალთა აქტიურობა ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის კუთხით, მცირე ბიზნესის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ბევრად უფრო მეტად იცავს გარემოს. ეკონომიკური განვითარების უფრო მეტი მდგრადობისათვის საჭიროა, მცირე მეწარმეობის განვითარება და მისი ხელშეწყობა, რაც მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით ხორციელდება. ,,მცირე მეწარმეების განვითარება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მცირე მეწარმეები თავიანთ თავზე იღებენ ინიციატივებს. ინიციატივასთან ერთად პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისათვის მომავლის ღერძს წარმოადგენს, ამის გარეშე ქვეყნის დამოუკიდებლობა ვერ მიიღწევა. ქვეყნის დამოუკიდებლობა დამოუკიდებელ ადამიანებზე დგას და სწორედ მცირე მეწარმეები არიან ბოლომდე დამოუკიდებელნი. თქვენ მომავალი თაობისათვის წარმატებული და მისაბაძი მაგალითი ხართ. მე ვიქნები თქვენს გვერდით და მზად ვარ, რომ თქვენს პოზიტიურ მაგალითებს გავუწიო პოპულარიზაცია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. შეხვედრაზე მეწარმეებმა საკუთარი ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო საკითხებზე, პრობლემებზე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და საქართველოს პრეზიდენტს თავიანთი საქმიანობის მიმართულებები გააცნეს.
Add to Twitter Add to Facebook