საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს ეროვნულ დღესასწაულს - ბასტილიის აღების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს ეროვნულ დღესასწაულს - ბასტილიის აღების დღეს ულოცავს

ბატონო პრეზიდენტო,
მაქვს პატივი გულითადად მოგილოცოთ საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაული - ბასტილიის აღების დღე.
1789 წლის რევოლუციის ღირებულებებმა უდიდესი როლი შეასრულა არამხოლოდ საფრანგეთის აღმშენებლობაში, არამედ ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში. ეს არის უკვდავი იდეალები, რომლებიც საფუძვლად დაედო კაცობრიობის დემოკრატიულ წინსვლას და დღესაც წარმოადგენს საყრდენს ჩვენი სახელმწიფოებისათვის.
ქართველი ხალხი განსაკუთრებული პატივისცემით არის განმსჭვალული ფრანგი ხალხის მიმართ და დღეს მე, ჩემი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს ურყევ მეგობრობას. საქართველოსა და საფრანგეთის ისტორიულ-კულტურული კავშირები საუკუნეებს ითვლის, რამაც  უზრუნველყო ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა და განაპირობა სამხედრო კონტიგენტების ურთიერთთანადგომა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს და შესაბამისად, ვაძლიერებთ საერთო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საფრანგეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
მოხარული ვარ, რომ დღეს თანამედროვე საფრანგეთი განსაკუთრებულ როლს ასრულებს საერთაშორისო ასპარეზზე. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, საფრანგეთი კიდევ მეტ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწევს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის.  
თქვენო აღმატებულებავ, მსურს დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ფრანგ ხალხს კი - მშვიდობა და კეთილდღეობა.
პატივისცემით,
 
 
გიორგი მარგველაშვილი