საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა კამპანია "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" დღეს თე

საქართველოს პრეზიდენტმა კამპანია "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" დღეს თელავიდან დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს თელავიდან დაიწყო კამპანია "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი", რომლის მიზანიც ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა.
წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა და აღნიშნული თარიღი მიმდინარე წლის 26 მაისს საზეიმოდ აღინიშნება.
აღნიშნული კამპანიის პირველი შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
თელავის უნივერსიტეტში გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან ერთად მობილურ საექსპოზიციო სტენდებზე წარმოდგენილი გამოფენა დაათვალიერა, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს მიეძღვნა.
გამოფენა კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ყველა შეხვედრაზე იქნება წარმოდგენილი, რათა სტუდენტებს კიდევ ერთხელ მიეცეთ შესაძლებლობა გაიაზრონ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის მნიშვნელოვანი ეტაპები.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2018 წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელია საქართველოსათვის, წელს ქართულ რესპუბლიკას 100 წელი უსრულდება და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ის გზა, რომელიც დაიწყეს ჩვენმა წინაპრებმა გაგრძელდეს იმ ღირებულებებით, რითაც აშენებდნენ ჩვენს ისტორიას.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, 1918 წელს 1 ქართული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, შეიქმნა ქვეყნის მთავარი დოკუმენტი - პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომლის საიუბილეო თარიღიც არის სწორედ ხვალ - 21 თებერვალს.
"ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს მოწინავე სახელმწიფოს მოდელი და კონსტიტუცია, რომელშიც განხორციელებული იყო მთავრი ღირებულებები და პრინციპები. მაგალითად, ქალებისათვის ხმის მიცემის უფლების მინიჭება, რომელიც ძალიან მძიმე დროში აღიარეს ჩვენმა წინაპრებმა.
ჩვენ ვიყავით დამოუკიდებლები 1918 წელსაც და 26 წლის წინაც, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს მიზანი დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ სწრაფვა და თავისუფლების მიღწევაა.
თავისუფალი მოქალაქეები თავისუფალი საზოგადოების მეშვეობით ქმნიან  თავისუფალ სახელმწიფოს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, თავისუფლება საკუთარი თავის შეცნობაა - ვინ ხარ შენ , რა მიზნები გაქვს და რის გაკეთებას აპირებ.
"თავისუფლებისაკენ სწრაფვის მიზნების განხორციელება შეუძლებელია საკუთარი ქვეყნის შემეცნების გარეშე. ფიქრი, ერის შემეცნებაზე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი წინაპრების ღირებულებებით თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობა.
ჩვენმა წინაპრებმა, მოახერხეს და შეინარჩუნეს კულტურა, იბრძოდნენ სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად, მათი ღვაწლია ენისა და დამწერლობის შენარჩუნება.
ჩვენი წინაპრები გამორჩეულები იყვნენ ტოლერანტობაშიც, სხვისი და განსხვავებულის აღიარებაში.
მნიშვნელოვანია დღესაც განსხვავებულისათვის იმ სივრცის მიცემა, სადაც ისინი თავს იგრძნობდნენ, როგორც საკუთარ სამშობლოში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.
მისი განცხადებით, ჩვენი წინაპრები იყვნენ თავისუფლები არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეეძლოთ მხოლოდ საკუთარი თავისუფლების დაცვა, არამედ განსხვავებულთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვა და უზრუნველყოფა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს სახელმწიფომ მთავარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა  - აირჩია ევროპული ორიენტაცია.
"თავისუფლება წარსულისკენ ყურებას არ ნიშნავს, თავისუფლება მომავლის დაგეგმვაა. მცირე ქვეყანას სჭირდება იყოს მსოფლიო ისტორიული პროცესის პროგრესულ ნაწილში.
უნდა ვხედავდეთ საით ვითარდება მსოფლიო, რა არის ის, რაც ხვალ გახდება დომინანტური.
მცირე ერს სჭირდება განსაკუთრებული მზაობა არ მოსწყდეს დინამიკას. მოწინავეთა რიგებში ჩასართავად უნდა გავიაზროთ როგორ ვითარდებიან სხვა ქვეყნები - გლობალური ეკონომიკები, საზოგადოებები. უნდა ავიღოთ აქედან ყველაზე პროგრესული.
ამ ტენდენციებიდან ერთერთი ღირებულება თავისუფლებაა - თავისუფლებაზე ორიენტირებულ საზოგადოებებს ქმნიან მოწინავე ქვეყნები", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და სტუდენტებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა.