საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს გაიმართა პროექტის „კონსტიტუცია ყველასია“ პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ფართო ჯგუფების ჩართულობასა და საქართველოს კონსტიტუციის შესახებ მნიშვნელოვანი საკითხების დისკუსიის ფორმატში განხილვას.
გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ცნობილია, რომ კონსტიტუცია არის ქვეყნის მთავარი დოკუმენტი და ხაზი გაუსვა ამ დოკუმენტის გადასინჯვის პროცესში ქართული საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას.
„ დღეს ჩვენ უაღრესი სახელმწიფებრივი მნიშვნელობის საკითხის ირგვლივ შევიკრიბეთ. როგორც ცნობილია საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის ფუნდამენტური გადასინჯვის ინიცირება გააკეთა. ეს ინიციატივა შეიძლება გახდეს ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის გაერთიანების, განმტკიცების, კიდევ უფრო გაძლიერების წინაპირობა. მაგრამ, როგორ უნდა გახდეს საკონსტიტუციო პროცესი ჩვენი გაძლიერების მიზეზი და მიზანი? ალბათ არა ისე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ალბათ ისე არა, როდესაც დახურულ კაბინეტებში იწერებოდა დოკუმენტი. იმისათვის, რომ კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესი გახდეს ჩვენი საზოგადოების გამთლიანების წინაპირობა. ამისთვის ჩვენ ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში.
კონსტიტუცია ყველას გვაერთიანებს. კონსტიტუციის ტექსტი იწყება ამაღელვებელი სიტყვებით, ,,ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი“ და შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი რეალურ დოკუმენტად იქცეს, მას ხელს ქართველი ხალხი უნდა აწერდეს. 
საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ ქვეყნის მთავარი დოკუმენტი არის კონსტიტუცია. ყველამ იცის, რომ სხვა კანონმდებლობა სწორედ კონსტიტუციიდან გამომდინარეობს და სწორედ ამიტომ ქვეყნის ყველაზე კვალიფიცური იურისტები და კონსტიტუციონალისტები წერენ ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. ამასთან ერთად შემკვეთი, სულის ჩამდგმელი და მთავარი მიზნის მიმცემი ამ დოკუმენტისთვის არის სწორედ ქართველი ხალხი. დავფიქრდეთ, კონსტიტუცია არის თავისუფალი მოქალაქის თავისუფალი ნება თანაცხოვრების კონკრეტულ წესთან მიმართებაში. ეს არის თითოეული მოქალაქის კონტრაქტი თავის თანამემამულეებთან და სახელმწიფოსთან იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ვფუნქციონირებდეთ როგორც ერი და სახელმწიფო, როგორ უნდა გავერთიანდეთ ერთიანი მიზნებისა და ცხოვრების წესის ირგვლივ. 
სწორედ ამიტომ, რომ ვაქციოთ კონსტიტუცია რეალურ თანხმობის დოკუმენტად, ჩვენ ვიწყებთ პროცესს - ,,კონსტიტუცია ყველასია“, რომლის მიზანია საქართველოს ყველა მოქალაქეს, ინტერესჯგუფებს, ყველა ჯგუფს, რომელიც შეადგენს ჩვენს მრავალეთნიკურ, მრავალკულტურულ და სხვადასხვა შეხედულებების ირგვლივ გაერთიანებულ ქვეყანას, მივცეთ შესაძლებლობა გამოხატოს თავისი პოზიცია ამ უმნიშვნელოვანეს თანხმობის დოკუმენტში. 
ამ პროექტის შიგნით ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას ყველას გამოთქვას თავისი აზრი და გვჯერა, რომ ამ პროცესით მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას იმიტომ, რომ მთავარი შემკვეთის, მთავარი სულის ჩამდგმელის ხმას და მოსაზრებას მას ნათლად გავაგონებთ.
ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდან, რომელიც ყველამ იცით, იმედია კითხვის ნიშანს საკონსტიტუციო პროცესში ჩემი ჩართულობისა, გარკვეულად პასუხი გაეცა. 
საუბარი იყო პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ და სწორედ ქართული საზოგადოების აქტიური ჩართულობის შედეგად ეს საკითხი გადაწყდა ისე, რომ ეს უფლება ქართველ ხალხს არ წაერთვა. 
კიდევ ბევრი საკითხი არის, რომლის თაობაზეც მე პირადად თქვენი აზრის მოსმენა მაინტერესებს. მე მაინტერესებს რას ფიქრობს ქართული საზოგადოება არჩევნების მოდელის შესახებ, რას ფიქრობს ქართული საზოგადოება თვითმმართველობის შესახებ, რას ფიქრობს საზოგადოება იმის თაობაზე თუ რამდენად უფრო მეტად და რა მექანიზმებით არის შესაძლებელი ქართული საზოგადოების ჩართვა, სწორედ კონსტიტუციის მეშვეობით, სახელმწიფო მმართველობის პროცესში. რამდენად და როგორ შეგვიძლია ჩვენ გავააქტიუროთ საზოგადოების მაკონტროლირებელი როლი ჩვენს პატივცემულ პოლიტიკოსებზე. 
მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ ვქმნით არც ალტერნატიულ პროცესს, არც ალტერნატიულ ტექსტს, არამედ ჩვენ ვეხმარებით მიმდინარე პროცესს დემოკრატიის მეშვეობით. 
პირველ რიგში ეს არის დახმარება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პატივცემულმა წევრებმა, რომლებიც დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი, როდესაც უაღრესად მნიშვნელოვან თითოეულ მუხლზე მუშაობს, არ ფიქრობს პარტიული პოზიციიდან, არ ფიქრობს სხვა ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ფიქრობს ერთადერთზე, თუ რის წაკითხვას მოინდომებდა ქართველი ხალხი ამა თუ იმ მუხლში. სწორედ მათ ვეხმარებით, იმიტომ, რომ ვაწვდით ქართული საზოგადოების მოსაზრებებს იმის თაობაზე, თუ რა გვინდა ვიხილოთ კონსტიტუციაში. 
აგრეთვე, ჩვენ ვეხმარებით კომისიას იმ თვალსაზრისით, რომ მომავალი პროექტის, როდესაც ის იქნება განხილვის პროცესში, ქართული საზოგადოება იქნება ბევრად უფრო მობილიზებული, ორგანიზებული, გათვითცნობიერებული საკონსტიტუციო საკითხებში და ბევრად უფრო კვალიფიციურ დიალოგში შევა მომავალი პროექტის განხილვისას.
ასე, რომ დღეს ჩვენ ვიწყებთ თანხმობის პროცესს. პროცესს გაერთიანებისა ღირებულებების ირგვლივ, დისკუსიისა ღირებულებების ირგვლივ და პროცეს, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რომ კონსტიტუცია, რომელიც იწყება სიტყვებით -ჩვენ საქართველოს მოქალაქენი, ამ კონსტიტუციის ხელისმომწერი იქნება ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 
ქვეყნის პირველი პირის სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პროექტის მიზნებისა და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა. 
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დღევანდელ ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, ასევე საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.