საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ამსახველი გამოფენა დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ამსახველი გამოფენა დაათვალიერა

საბერძნეთის ეროვნულ უნივერსიტეტში დღეს ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ამსახველი ორი გამოფენა გაიხსნა.
საქართველოს პრეზიდენტმა და ქართული დელეგაციის წევრებმა გამოფენებზე წარმოდგენილი საარქივო მასალა და წიგნები, უნივერსიტეტში გამართული საჯარო ლექციის შემდეგ, დაათვალიერეს.
დოკუმენტური გამოფენა სახელწოდებით „ბერძნულ-ქართული ურთიერთობების 100 წელი“ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ და კულტურულ ურთიერთობებს ასახავს.
გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმენტური მასალა ადასტურებს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პერიოდში, 1918-1921 წლებში, საქართველოსა და საბერძნეთს ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდათ. გამოფენის აღნიშნული ექსპონატები, ისტორიულ - დოკუმენტური მასალა, საქართველოს ეროვნულ არქივს ეკუთვნის.
საგამოფენო წიგნებს კი, თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში, ბოლო 25 წლის მანძილზე, გამოცემული ბერძნულ თემატიკაზე შექმნილ კვლევითი და მთარგმნელობითი ხასიათის ნაშრომები, კვლევები, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, სახელმძღვანელოები წარმოადგენდა.