საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   შვეიცარია გააგრძელებს ქართულ - რუსულ ურთიერთობებში განმუხტვის პოლიტიკისა და დიალოგის ხელშეწყობას

შვეიცარია გააგრძელებს ქართულ - რუსულ ურთიერთობებში განმუხტვის პოლიტიკისა და დიალოგის ხელშეწყობას

"შვეიცარია არის ქვეყანა, რომელთანაც სულ მალე სრულფასოვნად ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება",- აღნიშნული განცხადება დღეს საქართველოს და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტების პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსათვის მნიშვნელოვანია შვეიცარიასთან აქტიური თანამშრომლობა, ქვეყანასთან, რომელიც წლების განმავლობაში მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანასთან, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ფონზე, დიალოგის თვალსაზრისით.
"ის თანამშრომლობა, რომელსაც ჩვენ განვავითარებთ მომავალი სამი წლის განმავლობაში იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.
კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს და ხაზი გავუსვა ჩვენს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და გამოვთქვა იმედი, რომ ამ პოზიტიურად მზარდი დინამიკის ფონზე ჩვენ უზრუნველვყობთ უკეთეს მომავალს ჩვენი საზოგადოებებისათვის.
დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო ვიზიტისათვის და დიდი მადლობა იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ გამოხატავთ საქართველოს მიმართ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
შევიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ წელს საქართველო და შვეიცარია 25 წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს ზეიმობენ და ამ 25 წლის განმავლობაში შვეიცარიამ ხელი შეუწყო საქართველოს დემოკრატიასა და განვითარებას. შვეიცარია მოხარულია, რომ საქართველოში სიტუაცია ბევრად უფრო გაუმჯობესდა. მისი განცხადებით, სამხრეთ კავკასიისათვის აქტუალური განვითარების სტრატეგია ამ რეგიონის განსაკუთრებული მნიშვნელობის ხაზგასმაა, რადგან შვეიცარია ამ რეგიონში ინვესტირებას ახდენს.
"მინდა მოგილოცოთ ბატონო პრეზიდენტო თქვენ და მთავრობის წევრებს ქვეყნის განვითარება. რა თქმა უნდა, რაც თქვენ მოახერხეთ ეს აღნიშვნის ღირსია და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესაძლებლობები სხვადასხვა მემორანდუმით გავამგრეთ.
ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, მაგალითად ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის მემორანდუმი, ასევე ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიდი ხანია არსებობს და სტაბილურია. თუმცა, სამომავლოდ, ეს ურთიერთობები გაიზრდება და მომავალი წლის დასაწყისში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდება და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი შვეიცარიელი ინვესტორი გამოიხედავს საქართველოსკენ, რათა კიდევ უფრო უკეთ აითვისონ ქართული ბაზარი.
ჩვენ დღევანდელ შეხვედრებზე ჩვენი თანამშრომლობის სხვა პერსპექტივებზეც ვსაუბრობდით. მაგალითად სამთო ტურიზმზე, სოფლის მეურნეობაზე, ენერგეტიკის სფეროზე. ვფიქრობ, ეს არის სფეროები, სადაც ჩვენ ნამდვილად გვაქვს წინსვლა. ჩვენ, როგორც მთიანი ქვეყნები, ბუნებრივია, ენერგიის მოპოვებაზე ვსაუბრობთ, კლიმატურ ცვლილებებზე უნდა ვიფიქროთ.
საქართველოს თურქეთთან ერთად აქვს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ძალიან დიდი პერსპექტივა. მათ შორის, აზერბაიჯანთან ერთად გაზსადენთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ შავი ზღვა კიდევ ერთი დიდი პოტენციალია, რომელსაც აქვს ამოუწურავი შესაძლებლობები, მათ შორის შვეიცარული კომპანიებისათვის, რათა მოახდინონ საკუთარი საქონლის ტრანსპორტირება. შვეიცარია ლოგისტიკური ქვეყანაა, ყველაზე დიდი სარკინიგზო გვირაბი გვაქვს მთელ მსოფლიოში და ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი გამოცდილება, გაგიზიაროთ.
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა თანამშრომლობის სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია: - ჩვენ გვაქვს სამხრეთ კავკასიის მხარდაჭერის სტრატეგია 2020 წლის ჩათვლით. ეკონომიკის განვითარების ჩათვლით, ეს უნდა იყოს მდგრადი, რათა ეკოლოგიური კომპონენტის უგულებელყოფა არ მოხდეს. დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი მხარდაჭერა და მთელი რეგიონის უსაფრთხოება, სადაც მშვიდობა და ადამიანის უფლებები, შვეიცარიის მსგავსად უმაღლეს დონეზე იქნება უზრუნველყოფილი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
ასევე ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საქართველოს სამსახურში დგომას და ბუნებრივია, ყველანაირად შევეცდებით ქართულ - რუსული ურთიერთობების დალაგებას. დიდი მადლობა ქართულ კომპეტენტურ ორგანოებს ძალიან ინტენსიური თანამშრომლობისათვის და ჩვენ კვლავაც შევუწყობთ ხელს ქართულ- რუსულ ურთიერთობებში განმუხტვის პოლიტიკას და დიალოგს.
დიდი მადლობა პრეზიდენტ მარგველაშვილს, საქართველოს მთელ მთავრობას არაჩვეულებრივი მიღებისათვის თქვენ ქვეყანაში", - აღნიშნა დორის ლოიტჰარდმა.