საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი
 

21.02.2014

საქართველოს პრეზიდენტის წლიური მოხსენება ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში



 
მოგესალმებით პატივცემულო დეპუტატებო და სტუმრებო.
ჩემთვის დიდი პატივია წარვდგე თქვენსა და საზოგადოების წინაშე მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. 
ვიდრე ამ საკითხებზე საუბარს დავიწყებდეთ, იმ ურთულესი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს მოძმე ქვეყანაშია შექმნილი, მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
დარწმუნებული ვარ, ყველა შეშფოთებული ვართ იმით, რასაც ვხედავთ ტელეეკრანებზე, რა რეალობასაც ვადევნებთ თვალს.
ვითარება უკიდურესად მძიმეა - შეტაკების შედეგად დაღუპულია ათობით ადამიანი, ასობით კი დაჭრილია.
ჩვენთვის ასევე ძალიან მძიმეა ის, რომ უკვე საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა ამ შეტაკებების დროს.
მინდა გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას.
უკრაინაში ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ, გადავიდა იმ ზღვარს, რომლის გადასვლაც დაუშვებელია ნებისმიერი ხელისუფალისთვის.
ეს პროტესტი დაიწყო სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ შეაჩერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა.
სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ უკრაინის ხელისუფლებას გაეღრმავებინა პოლიტიკური დიალოგი, მიმართა ძალადობას.
უკრაინის ხელისუფლებას ყველა ღონე უნდა ეხმარა, რათა საზოგადოება გაეერთიანებინა და არ დაეპირისპირებინა ერთმანეთთან.
მე გუშინაც მოვუწოდებდი პრეზიდენტ იანუკოვიჩს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს ძალიან გადამწყვეტი პოლიტიკური, და არა ძალადობრივი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა, რათა დაიცვას მთავარი, რაც უნდა დაიცვას უმაღლესმა ხელისუფალმა ერთდროულად - თითოეული, ინდივიდუალური ადამიანის სიცოცხლე და, ამავე დროს, ქვეყნის მთლიანობა და ერთიანობა.
მიმაჩნია, რომ ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ არის დაკარგული, რომ ევროპის ლიდერების აქტიური ჩართულობა ამ პროცესში ტოვებს იმის შესაძლებლობას,  რომ მიღწეულ იქნას პოლიტიკური კონსესუსი და ევროპელი ლიდერების თაოსნობით წამოწყებულმა პროცესებმა უკრაინის საზოგადოება მიიყვანოს ამ პრობლემის მშვიდობიან გადაწყვეტამდე.
მინდა დავუბრუნდე ჩვენს ქვეყანას და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის პატივია თქვენსა და საზოგადოების წინაშე გამოსვლა.
ასევე მნიშვნელოვანია ის დამთხვევა, რომ ეს ხდება 21 თებერვალს - საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს და იმ დღეს, როდესაც ორი წლის წინათ ბიძინა ივანიშვილმა „კოალიცია ქართული ოცნება“ წარუდგინა საზოგადოებას.
უპირველეს ყოვლისა, მინდა დავუდასტურო ჩემი პატივისცემა ამ პარლამენტს, მადლობა ვუთხრა მის თავმჯდომარეს და თითოეულ დეპუტატს იმ სამუშაოსთვის, რომელიც მათ გაწიეს გასული წელიწადნახევრის განმავლობაში.
2013 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები. შესაბამისად, ჩემი გამოსვლაც და მიმართვის შინაარსიც შეცვლილია.
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტი  უკვე აღარ არის  ყველასა და ყველაფრის ხელმძღვანელი, იგი სრულიად განსაზღვრულ, ახალ უფლებამოსილებებს ახორციელებს.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის დაფუძნებისას, მისი პრაქტიკაში გატარებისას, უმნიშვნელოვანესია გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვაფუძნებთ ახალ პრაქტიკას, ახალ ტრადიციებს, იმას, რაც მომავალშიც იმოქმედებს ხელისუფლებაზე.
ამიტომ, მინდა, რომ ამ პროცესში ვიყოთ უაღრესად პრინციპული, ფრთხილად შევქმნათ ახალი კონსტიტუციური წონასწორობა და ძალაუფლების შტოებს შორის სწორი ბალანსი.
ახალი პრეზიდენტი, გამომდინარე მისი არჩევის წესიდან და საკითხთა წრიდან, რომელიც მის კომპეტენციაშია, მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას კისრულობს.
უპირველეს ყოვლისა, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ პრეზიდენტი საყოველთაო საარჩევნო უფლების საფუძველზე არჩეული უმაღლესი ხელისუფლების პირია.
ხელისუფლების წყარო - ხალხი - პრეზიდენტს ანიჭებს სახელმწიფოს მეთაურის, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის, სახელმწიფო ორგანოთა ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველმყოფი ინსტიტუტის, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლისა და საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენლის მანდატს.
შესაბამისად, კონსტიტუციითვე განსაზღვრულია პრეზიდენტის ინსტიტუტის დამოკიდებულება ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან მიმართებაში.
პარლამენტთან მიმართებაში პრეზიდენტს აქვს კანონების ხელმოწერა-გამოქვეყნების და ვეტოს უფლება.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რომლისგანაც პრეზიდენტი ამ კონსტიტუციით უკვე გამიჯნულია, მას უფლება აქვს მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა, და ამ სხდომაში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად მიიღოს მონაწილეობა.
სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში პრეზიდენტი ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა მესამედს, პარლამენტის წინაშე წარადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და ყველა მოსამართლის კანდიდატურას, მონაწილეობს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების პროცესშიც.
პრეზიდენტს აგრეთვე გააჩნია მნიშვნელოვანი ვალდებულებები და უფლებამოსილებები სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.
პრეზიდენტი ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს – კონსტიტუციურ ორგანოს, ნიშნავს მის მდივანს,
მთავრობასთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან გადააყენებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, სხვა მხედართმთავრებს, ამტკიცებს სამხედრო ძალების სტრუქტურას.
პრეზიდენტი აცხადებს და აუქმებს საომარ და საგანგებო მდგომარეობებს, რაც გულისხმობს არა მხოლოდ კრიზისების, არამედ ასევე მშვიდობიანობის დროსაც მის განსაკუთრებულ კომპეტენციას სამხედრო ძალებთან მიმართებაში.
თუ ყოველივე ზემოთქმულს შევაჯამებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი კონსტიტუციური მოდელით, სტაბილურ, არაკრიზისულ პერიოდში პრეზიდენტი ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსის, ხოლო სახელმწიფოსათვის კრიზისულ ვითარებაში - ერთი მხრივ, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეუთანხმებლობისას ის დაძაბულობის განმუხტვის ბერკეტს ფლობს, მეორეს მხრივ კი, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს მმართველობით ფუნქციებს ახორციელებს.
ამას ხაზგასმით აღვნიშნავთ, რადგან ვიცით, რომ უკვე მუშაობს  საკონსტიტუციო კომისია, რომლის მიზანია არსებული კონსტიტუციის მოდელის დახვეწა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ იმას, რომ არსებული მოდელი სავსებით საკმარისი საფუძველია წონასწორობის სამართლებრივი სისტემის დანერგვისათვის.
ხაზგასმით აღვნიშნავთ იმას, რომ ხელისუფლების არც ერთი შტო არ არის  პასუხისმგებლობით ისე დამძიმებული, რომ გადაწონოს სხვები.
არსებული მოდელის ჩასწორებით სრულიად შესაძლებელია სავსებით დაბალანსებული კონსტიტუციის შემუშავება.
ამას გაზგასმით აღვნიშნავ იმიტომ, რომ უზენაესი კანონის მდგრადობა არის მნიშვნელოვანი წინაპირობა პოლიტიკური მდგრადობისა და მიგვაჩნია, რომ კონსტიტუცია ყოველ წამს არ უნდა იცვლებოდეს.
ამ თვალსაზრისით, ჩემი პრიორიტეტი იყო და არის: ვიხელმძღვანელო მხოლოდ კონსტიტუციით, გადავდგა ფრთხილი, მაგრამ პრინციპული ნაბიჯები ხელისუფლების სხვა შტოებთან მიმართებაში.
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი გამოწვევა დღეს არის, რომ ავაგოთ ხელისუფლების წონასწორობის ისეთი სისტემა,  რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სტაბილურ განვითარებას.
ამდენად, იმ ისტორიული მომენტიდან გამომდინარე, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ასევე იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც პირადად მე მაქვს, ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ ჩემეული ხედვა იმისა, თუ სად ვიმყოფებით და როგორ უნდა განვვითარდეთ.
უპირველეს ყოვლისა, დღეს ჩვენი მიზანია ავაშენოთ ქართული სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ასეთ საქართველოს მე ვხედავ, როგორც თავისუფლების, მრავალფეროვნებაში ერთიანობის, ტოლერანტობის, შესაძლებლობათა, შემოქმედების, შრომის, თანხმობის, სოლიდარობის ტრადიციებზე დაფუძნებულ ქვეყანას.
როდესაც ტრადიციებზე ვლაპარაკობ, არ ვგულისხმობ მხოლოდ ფორმალურ ტრადიციებს. მე ვსაუბრობ ტრადიციათა იმ სულზე, რომელიც გასდევს მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორიას.
ამ ტრადიციებად მე პროგრესისკენ სწრაფვას, განახლებას, აღორძინების უდიდეს ნიჭს მივიჩნევ.
სწორედ ასე, მაშინ, როდესაც ჩვენს ირგვლივ ისტორიის განმავლობაში იქმნებოდნენ  და ქრებოდნენ იმპერიები, ჩვენმა პატარა ერმა სწორედ ამ განახლების ნიჭის, პროგრესისკენ სწრაფვის წყალობით შეძლო საკუთარი თავის შენარჩუნება და თავისი თვითმყოფადობის დამკვიდრება.
ამ სულისკვეთებით იქნებოდა ქართული დამწერლობა; ამ სულისკვეთებით ვრცელდებოდა ქრისტიანობა ჩვენს ქვეყანაში; ამ სულისკვეთებით იქმნებოდა ქართული რენესანსი; ასე მოქმედებდნენ თერგდალეულები და თუნდაც ის ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ 1921 წლის კონსტიტუციას, რომელიც მაშინდელი ევროპისათვისაც კი ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი იყო.
დიახ, ჩვენ ორიენტირებულნი ვართ მომავალზე და ამავე დროს ვსწავლობთ სხვებისგან, თუმცა ქართული სახლმწიფოს შენება, უპირატესად, ჩვენს კულტურაში, ინდივიდუალურად საქართველოს მოქალაქეებში ცოცხლად შენახულ ჩვენს თვითმყოფადობას უნდა ეფუძნებოდეს.
ქართველი თავისი ინდივიდუალური შეგნებით ევროპელია, თავისი ბუნებით დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილია, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე ჩვენ არ გვეძლეოდა სწორედ ამ ინდივიდუალობაზე დამყარებული ქართული სახელმწიფოს შექმნისა და
ქართული ტრადიციების სახელმწიფოებრივ კონტექსტსა და სახელმწიფო ინტიტუტებში გადატანის შესაძლებლობა.
სწორედ ეს მიმაჩნია ჩვენი დროის უმთავრეს გამოწვევად.
ღრმად მწამს, რომ დღეს ჩვენ ამ გზას ვადგავართ და ეს პროცესი შეუქცევადია.
ამ რწმენის საფუძველს მაძლევს პროცესები, რომლებიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დაიწყო.
ამ თვალსაზრისით, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან ხელისუფლების ცენტრალური საკითხი, ცენტრალური ღირებულება გახდა - ადამიანი.
ეს არის მთავარი ფასეულობა, რომელზეც უნდა დამყარდეს ნებისმიერი სახელმწიფოს მშენებლობა.
ადამიანს კი, უპირველესად, ესაჭიროება თავისუფლება.
საუკუნეთა განმავლობაში ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მმართველების, პოეტების, ფილოსოფოსების, პოლიტიკური, რელიგიური თუ საზოგადო მოღვაწეების ორიენტირი სწორედ სახელმწიფოებრივი და ინდივიდუალური თავისუფლება იყო.
დღეს ეს გულისხმობს თითოეული მოქალაქის, პოლიტიკური ორგანიზაციების, მედიის, უმცირესობების უფლებათა სრულფასოვან დაცვას. ამ უფლებათა დაცვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას. იმის დანერგვას, რაც წერია ჩვენს კონსტიტუციაში, გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში, ევროპის სოციალურ ქარტიაში და სხვა ფუძემდებლურ დოკუმენტებში.
ამ დოკუმენტების სულისკვეთების ცხოვრებაში გატარება უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლების, საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის მიზანი.
ამ მხრივ, 2013 წელი, ვფიქრობ, წარმატებული იყო.
2013 წელს წარმატებით მოხდა ადმინისტრაციულ-სახელმწიფოებრივი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია.
თვისობრივად შეიცვალა დამოკიდებულება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ, მათი უფლებებისა და ღირსების მიმართ.
შეიცვალა დამოკიდებულება სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ.   
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მასმედიის, ელექტრონული თუ ბეჭვდითი მედიის გათავისუფლების თვალსაზრისით.
ხელისუფლების დამოკიდებულება უმცირესობის მიმართ ნათლად არის ორიენტირებული ევროპისკენ.
რაც მთავარია, 2013 წელს ჩვენ ჩავატარეთ რეალურად თავისუფალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი არჩევნები, რაც აღიარა არა მხოლოდ ქართულმა საზოგადოებრიობამ, რომელიც, ბუნებრივია ამ მხრივ მთავარი საზომია, არამედ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა თუ დამკვირვებლებმა.
ამით ნამდვილად არ მსურს იმის თქმა, რომ მიღწეულით უნდა დავკმაყოფილდეთ.
ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, არასდროს შეიძლება ვიყოთ მშვიდად და ვთქვათ, რომ დასახულ ნიშნულს უკვე მივაღწიეთ.
ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ისევე როგორც თითოეული მოქალაქე,  მუდმივად უნდა იყოს მოწადინებული იდგეს ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე და დაიცვას არა მხოლოდ თავისი, არამედ სხვათა უფლებები.
ამ მხრივ, ძალზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული რეფორმა.
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, შარშან განხორციელდა რეფორმის პირველი ეტაპი. შემოღებულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის დემოკრატიული წესები, რომელსაც მხარი დაუჭირა და აღიარა ვენეციის კომისიამ.
იგეგმება მართლმსაჯულების რეფორმის მეორე ეტაპი. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შედეგად რიგითი მოსამართლე გახდება საკუთარი ხელმძღვანელობისგან მეტად დამოუკიდებელი.
კონსტიტუციის მიხედვით, მე უკვე დავნიშნე იუსტიციის საბჭოს ერთი წევრი. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვთანამშრომლობ იუსტიციის სამინისტროსა და უზენაეს სასამართლოსთან.
ამავდროულად, მიმაჩნია, რომ ეს სისტემა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგას.
ერთი მხრივ, ეს არის სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობის ამაღლება, ხოლო მეორე მხრივ, გამოძიების პროცესში მხარეების თანასწორობის პრინციპის სრულად უზურუნველყოფა.
ერთ-ერთი მთავარი ადამიანური ფასეულობის - თავისუფლების სრულფასოვნად განსახორციელებლად საკმარისი არაა ადამიანები დაცულნი იყვნენ პოლიტიკური ზეწოლისაგან.
თავისუფლება მიიღწევა მაშინ, როდესაც თითოეული მოქალაქე ჩართულია და თანამონაწილეა ქვეყნის მმართველობის პროცესისა.
ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თვითმმრთველობას.
ადგილობრივი თვითმმართველობა ის პირველი გაჩერებაა, სადაც თითოეული ადამიანი უშუალოდ ეხება დემოკრატიულ პროცესებს, ეხება დემოკრატიულ სისტემას და მისგან იღებს სარგებელს.
მივესალმები იმას, რომ პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსი მიიღო და ამ რეფორმამ კოდექსის ფორმა შეიძინა.
თუმცა,  თქვენ იცით, რომ რეფორმა კანონის მიღებით მხოლოდ იწყება. შესაბამისად, 2014 წელს ჩვენ წინაშე დგას უმნიშვნელოვანესი ამოცანა - არა მხოლოდ ჩავატაროთ თვითმმართველობის არჩევნები, არამედ რეალურად ავამუშაოთ თვითმმართველობის სისტემა.
მივესალმები იმას, რომ მერები და გამგებლები ახლა უკვე პირდაპირი წესით იქნებიან არჩეული.
ხაზგასმით მსურს აღვნიშნო ის, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები უნდა იყოს თვისობრივად უკეთესი და არა ნაკლები, ვიდრე იყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.
ეს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გამოწვევაა, რომლის შედეგადაც რეალურად დავასრულებთ დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს დაიწყო.
აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, სადამკვირვებლო მისიებმა და საზოგადოებამ უცბად არ გაიგოს არჩევნების შესახებ და შესაძლებლობა ჰქონდეს დაიწყოს მისთვის დროული მზადება,  გადავწყვიტე, რომ არჩევნები დაინიშნოს მიმდინარე წლის 15 ივნისს.
შესაბამის განკარგულებას მე მას შემდეგ მოვაწერ ხელს, რაც თქვენ, საქართველოს პარლამენტი, მიიღებთ საარჩევნო კოდექსს.
თვითმმართველობა ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენნაირი ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი ქვეყნისთვის, რადგან ეთნიკური, რელიგიური სოციალური ჯგუფების ეფექტიანი ჩართვა სახელმწიფოს მმართველობაში, თანამონაწილეობის შეგრძნების გაზრდა, იმის შეგრძნება, რომ ყველანი ერთად ვმართავთ და ვავითარებთ ჩვენს საერთო ქვეყანას,  სწორედ იმის წინაპირობაა, რომ რეალურად აყვავდეს და განვითარდეს ჩვენი სამშობლო.
ჩვენსავე ისტორიაში, მაშინ, როდესაც ყველაზე წარმატებული საქართველო შენდებოდა, იგი ყოველთვის მრავალფეროვნებაში ერთიანობაზე ორიენტირებული იყო.
ასე ქმნიდა ყველაზე ძლიერ საქართველოს ჩვენი ყველაზე დიდი  მეფე დავით აღმაშენებელი.
ამ ტრადიციებზე ხორციელდებოდა და ვითარდებოდა ჩვენი კულტურა.
ამიტომაც, ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ და მშვიდობიანად თანაარსებობენ სხვადასხვა კონფესიების, რელიგიური შეხედულებების, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები.
ეს ხორციელდებოდა ქრისტიანულ ქვეყანაში.
დიახ, შემწყნარებლობა, უპირველესად, სწორედ ქრისტიანული ფასეულობაა.
მართლმადიდებელი ეკლესიის როლი, რომელიც ხაზგასმულია ჩვენს კონსტიტუციაში, მნიშვნელოვანია ჩვენს სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ეს როლი ყვავის და ვითარდება სწორედ ქართული ტრადიციებისა და ქართული ტოლერანტობის ფარგლებში.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის აღმაფრთოვანებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის პოზიცია, როდესაც საქმე ეხება ეთნიკურ, ან რელიგიურ ჩაგვრას.
მსურს გავიხსენო ის სიტყვები, რომლებიც პატრიარქმა წარმოთქვა ერთი ჯგუფის მიერ შევიწროებულ მუსლიმ მოქალაქეებთან დაკავშირებით: „თუ რაიმე სახის შეზღუდვა ექნებათ, თბილისში ჩამოვიდნენ და ლოცვა მუსლიმანური წესით საპატრიარქოში აღავლინონ“.
ეს არის ის პოზიცია, რომელიც ნამდვილად აგრძელებს ტოლერანტობის ჩვენს ქართულ ტრადიციას.
მრავალფეროვნებაში და ტოლერანტობაში, ბუნებრივია, არა მხოლოდ ეთნიკურ და რელიგიურ საკითხებს ვგულისხმობ, არამედ  პოლიტიკური შეხედულებების მრავალფეროვნებასაც.
ჩვენ ვაშენებთ და უნდა გავაგრძელოთ შენება სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანთა საზოგადოებისა, ისეთი საზოგადოებისა, რომელშიც პოლიტიკური ძალები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ ხალხის პოზიციის და მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
ვიცი, რომ უმცირესობის მხრიდან არის სერიოზული კრიტიკა, მაგრამ შარშან ჩვენ შევძელით ერთი მხრივ, გაგვეძლო, ქვეყნის შიდა მოთხოვნისთვის და ასევე, იმ წნეხისთვის, რომელიც მოდიოდა გარედან და არც ერთი წუთით არ გადავხრილიყავით პოლიტიკური დევნის ან პირიქით, პოლიტიკური ნიშნით შემწყნარებლობის მიმართ.
ის სამართლებრივი პროცესები, რომლებიც წარიმართა საქართველოში, არის სამართლებრივი სახელმწიფოს აშენების საფუძველი.
თავისუფლება და ჩართულობა ქვეყნის მართვაში და განვითარებაში ერთიან ეროვნულ ორგანიზმად აყალიბებს ჩვენს საზოგადოებას. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები ერთი მხრივ, არიან თავისუფალი, ხოლო, მეორე მხრივ, ჩართული არიან ქვეყნის მართვასა და ერთობლივ განვითარებაში.
თუმცა ეს პროცესი ბოლომდე ვერ განხორციელდება, თუ მნიშვნელოვნად არ შემცირდა შემოსავლებისა და კეთილდღეობის გადანაწილების  უთანასწორობის მაღალი დონე, რომელიც, სამწუხაროდ, კვლავ არის ჩვენს საზოგადოებაში.
ხელისუფლების სოციალური პასუხისმგებლობაც ჩვენი ისტორიული ტრადიციაა.
შოთა რუსთაველი, რომელიც აღწერს იდეალურ მმართველს, ასე ახასიათებს მას :
„მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,
შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონები“.
სოციალური თანასწორობა არის ის გზა, რომელიც კიდევ უფრო გააერთიანებს ჩვენს საზოგადოებას.
ამ პრობლემის გადაჭრის ორ ყველაზე რეალურ გზას ვხედავ. ერთი მხრივ, უნდა  შევცვალოთ ის ფაქტორები, რომლებიც აღნიშნული უთანასწორობის პროვოცირებას ახდენს, უზრუნველვყოთ კონკურენციის მაღალი სტანდარტები.  ამის შედეგად გაჩნდება მეტი ბიზნესი, მეტი სამუშაო ადგილი.
მეორე მხრივ, უთანასწორობის დაძლევა ასევე შესაძლებელია საბიუჯეტო თანხის უფრო მეტად მიზნობრივი ხარჯვით.
ამიტომ, მივესალმები ამ სფეროში გაწეულ უდიდეს სამუშაოს.
ამის ყველაზე თვალსაჩინო მანიშნებელია 2013 და 2014 წლების ბიუჯეტები,  რომლებიც სოციალურად ორინეტირებულია, მოსახლეობის სოციალურ დაცვაზეა მიმართული.
როდესაც ხელისუფლება ზრუნავს თავის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, ეს მაღალი პოლიტიკური ცნობიერების ნიშანია.
ამიტომ, მივესალმები მასშტაბურ პროექტს - საყოველთაო დაზღვევას, რომელიც ამ პოლიტიკის ერთგვარი სიმბოლო გახდა.
პენსიების, შრომითი უფლებების დაცვის უკეთესი სისტემის შექმნა, განსაკუთრებული ზრუნვა დევნილებზე, ვეტერანებზე, შეზუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე - ეს არის გზა, რომლითაც უნდა განვაგრძოთ სვლა.
ეკონომიკური ზრდის საერთო ტენდენციასთან ერთად, ეს თანდათან უთუოდ ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს.
მინდა იგივე კონტექსტში განვაგრძო მსჯელობა სოფლის განვითარების პროექტზე.
მივესალმები ამ პროექტს, რადგან მან მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა სოფლად მცხოვრები ადამიანის ყოფაში - ასი ათასობით ადამიანის ცხოვრებაში.
ამ პროექტის შედეგად, სოციალური თვალსაზრისით, ბევრი ოჯახი გაიმართა წელში და სოფლად მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისა და რეალურად ამუშავების შესაძლებლობა შეიქმნა.
ეს პროექტი მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობს.
ამ პროეტის შედეგად სრულიად შესაძლებელია დაიძლიოს ის შიში, რომელიც ხვალინდელი დღის მიმართ არსებობდა. გაჩნდეს ის ოპტიმიზმი, რომლითაც ჩვენ ქვეყნის მომავალი მშენებლობა უნდა გავაგრძელოთ.
ბუნებრივია, ეს ოპტიმიზმი საკუთარი ცოდნისა და უნარების გამოყენებას ეფუძნება.
ჩვენი ხალხის ნიჭიერება არის ის ერთ-ერთი მთავარი კაპიტალი, რომელზეც ოდითგანვე იზრდებოდა და ვითარდებოდა ჩვენი კულტურა.
განათლება და მეცნიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი იყო, როდესაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს მსოფლიო რუკაზე წარმოვაჩენდით.
გელათისა და იყალთოს აკადემიები მსოფლიოს უძველეს საგანამათლებლო კერათა რიცხვში არიან, რომლებითაც ჩვენ ვამაყობთ.
ამიტომ, მივესალმები განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს  საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების სისტემის შექმნისთვის.
მივესალმები რეფორმების გაგრძელებას დასავლური სტანდარტების განათლების სისტემის შესაქმნელად.
ამასთან ერთად, საქართველოში და ყველგან მსოფლიოში ადამიანები მაშინ არიან თავისუფალნი, როდესაც საკუთარი თავის რეალიზების საშუალება აქვთ. ეს კი მხოლოდ ეკონომიკურად გამართულ საზოგადოებაშია შესაძლებელი.  ჩვენ ვიცით, რომ 2013 წელი ქართული ეკონომიკისთვის იყო რთული, რადგან ეს იყო ერთგვარი გარდამავალი პერიოდი.
ამ პროცესის დროს ბიზნესის გათავისუფლდა წნეხისგან და რეალურად დაიწყო საკუთრების უფლების დაცვა.
იყო გარდამავალი პერიოდისათვის ბუნებრივი გარკვეული თავშეკავებაც ინვესტირების თვალსაზრისით, რამაც, რეალურად,  ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შეანელა.
ამავე დროს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობდა ამ პრობლემის დასაძლევად.
პოლიტიკური სტაბილურობის ფონზე, ქვეყანაში 2013 წლის მეორე ნახევარში ჩვენ ვხედავთ, რომ დაიწყო ეკონომიკური პროცესების გაჯანსაღება.
ბუნებრივია, არსებული პრობლემები ბიუჯეტზეც აისახა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ 6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ არის ნავარაუდევი, ეს პრობლემები იქნება დაძლეული და ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღებას მომავალშიც გააგრძელებს. 
განვითარებულ ქვეყნებში ჯანსაღი ეკონომიკა გულისხმობს მცირე და საშუალო ბიზნესის მნიშვნელოვან წილს ეკონომიკურ პროცესებში.
სამწუხაროდ, ჩვენთან ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კონკურენციის გაღრმავების თვალსაზრისით, გაგრძელდეს მუშაობა კანონმდებლობის
თვალსაზრისით, განხორციელდეს შესაბამისი რეფორმები, რათა მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაშიც გაიზარდოს.
მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.
სწორედ ეს ორი ძირითადი მიმართულება სრულიად შესაძლებელი და ხელშესახები მას შემდეგ იქნება, რაც   ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას გავაფორმებთ.
ამ ხელშეკრულების პირობებში ჩვენ საქართველოში დიდი ინვესტივიების განხორციელების შესაძლებლობას შევქმნით, ვინაიდან უზრუნველყოფილი იქნება ძალიან სტაბილური და ძლიერი ევროპის ბაზარი.
აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა.
საქართველო ისტორიულად, გეოპოლიტიკურად აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა იყო. ამ სტატუსს ჩვენ ნელ-ნელა ვიბრუნებთ და  აქტიურად ვიმკვიდრებთ ევროპასა და აზიას  შორის რეგიონული თანამშრომლობის, დიალოგისა და თანხმობის საიმედო პარტნიორის როლს.
ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია შავი და კასპიის ზღვების რეგიონების თანამშრომლობა, ამ ეკონომიკების ერთიან ენერგო და სატრანსპორტო ტრანსნაციონალურ პროექტებში ჩართვა.
ასეთი პროექტების განხორციელება ეკონომიკურ სარგებელს, უპირველესად, ტრანზიტიდან მოგვიტანს. ასევე შესაძლებლობას შექმნის თანმდევი მცირე და საშუალო წარმოების განვითარებისათვის, ადგილობრივი მოსახლეობის დასასაქმებლად, გაგვიზრდის დასაბეგრ ბაზას.
ამას გარდა, მსგავსი პროექტები ბევრად უფრო უსაფრთხოს ხდის ჩვენს რეგიონს და დიდ შესაძლებლობას ქმნის იმ მხრივაც, რომ რეგიონი ხდება თანამშრომლობისა და უფრო მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე სივრცე.
სულ ახლახან, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან შეხვედრისას, ჩვენ სწორედ ამ საკითხებზე ვმსჯელობდით.
დავრწმუნდით, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ერთიანი ხედვა რეგიონთან და ერთმანეთის როლთან მიმართებაში.
ჩვენ დავსახეთ ერთობლივი რეგიონალური თანამშრომლობის პერსპექტივები.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვხედავთ პოტენციალს არა მხოლოდ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მხრივ, არამედ რეგიონის შესაძლებლობების გაზრდაშიც.
ჩვენი მიზანია, რომ ათეულობით ქვეყანა და ათეულობით მილიონი ადამიანი ევროპასა და აზიაში დავაკავშიროთ ერთმანეთს ამ ინფრასტრუქტურული პროექტებით, შესაბამისად, გავხდეთ მათი კეთილდღეობის, განვითარებისა და მათი ინტერესის საგანი.
ეს, ბუნებრივია, ზრდის ჩვენი ქვეყნის დაცულობას, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და კეთილდღეობის განვითარების შესაძლებლობებს.
დემოკრატიასა და კეთილდღეობას კი ეკონომიკური წინსვლა და წლიდან წლამდე ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება სჭირდება. ამისთვის აუცილებელია გაბედული ნაბიჯების გადადგმა და, რაც მთავარია, კოორდინირებული ეკონომიკური ხედვა.
ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა უკვე გამოაქვეყნა  საკუთარი ეკონომიკური ხედვის პირველი ვარიანტი. მივესალმები ამ პროექტის დეტალურ ანალიზს და მის დახვეწას. საბოლოო დოკუმენტით ქვეყანა შეძლებს განვითარებას და იმ ეკონომიკური სირთულეების გადაჭრას, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას.
სწორედ ასე შევძლებთ შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და გადავჭრათ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა - ათი ათასობით ქართველის სამშობლოში დაბრუნების საკითხი. 
სტაბილური განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების მთავარ პრობლემად კვლავაც რჩება დარღვეული ტერიტორიული და საზოგადოებრივი მთლიანობა. 
2013 წლის მარტში ამ პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც გადაწყდა, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე მტკივნეული პრობლემა უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით.
ის, რომ ამ პრობლემის გადაჭრა მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით უნდა განხორციელდეს, არის ძალზე მნიშვნელოვანი და ქვეყნის უცვლელი კურსია,  რაც ეფუძნება სახელმწიფო სუვერენიტეტის, საზღვრების ურღვევობის, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებისა და ქვეყნის დეოკუპაციის პრინციპებს.
ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, არის დევნილებისა და ლტოლვილების უპირობო, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პროცესში გააქტიურდეს გაეროს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და ჩვენი თანამემამულეები დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს.
აქვე მსურს აღვნიშნო, რომ არაღიარების პოლიტიკა არ ნიშნავს იზოლაციონალიზმს.
ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, უნდა მივცეთ შესაძლებლობა საქართველოს ევროპული კურსით მიიღონ პირდაპირი სარგებელი.
ურთიერთნდობის აღდგენის პარალელურად, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით უნდა ჩავრთოთ ევროკავშირთან ერთობლივ ეკონომიკურ, სავაჭრო, საგანმანათლებლო, ჰუმანიტარულ პროექტებში, რომლებიც განსაზღვრულია სახელმწიფო სტრატეგიით - ‘ჩართულობა თანამშრომლობის გზით’.
აფხაზთა და ოს თანამემამულეებს მინდა მივმართო იმავე სიტყვებით, რომლითაც მივმართე ჩემი წინასაარჩევნო საპროგრამო გამოსვლის დროს: ჩვენ გთავაზობთ ევროპულ ქვეყანას, თავისუფალ, განვითარებულ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში ცხოვრებას, რომელიც იქნება  მისი ყველა მოქალაქის კეთილდღეობის, ეთნიკური, რელიგიური და კულტურულ იდენტობის შენარჩუნების და მათი პოლიტიკური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტი.
ასევე მინდა მივმართო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული დე-ფაქტო რეჟიმების ხელმძღვანელებს:  ნუ წახვალთ საკუთარი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ, ნუ ეცდებით ახალი ბარიერების შექმნას იმ ხალხებს შორის, რომლებსაც მრავალსაუკუნოვანი ერთიანი სახელმწიფოებრიობა აკავშირებთ. ჩვენი ერთიანობა მრავალი შეცდომითა  და გარე ძალების უხეში ჩარევით იქნა დარღევული, რაც ყველას ძალიან მძიმედ, ჩვენივე ხალხების სისხლის ფასად დაგვიჯდა. დღეს საფრთხის ქვეშ დგას აფხაზებისა და ოსების იდენტობა და თვითმყოფადობა. მისი დაცვის ყველაზე მყარ გარანტიას ჩვენი ერთიანობა და ერთად ცხოვრება წარმოადგენს. ამიტომაც  თუ თქვენთვის ოდნავ მაინც ძვირფასია აფხაზების, ოსების და ზოგადად ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მომავალი, ნუ მოაქცევთ მათ იზოლაციაში!
მინდა დავუბრუნდე იმას, თუ როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა მომავალში.
ეს იქნება ეკონომიკურად სტაბილური, მდგრადი და პოლიტიკურად თავისუფალი ქვეყანა.
ეკონომიკურად და პოლიტიკურად სტაბილური, ერთიანი და განვითარებული საქართველო რეგიონში მშვიდობისა და თანმშრომლობის განვითარების გარანტიაა; არის ეკონომიკური და კულტურული პროექტების განვითარების წინაპირობა; არის კეთილმეზობლობის საფუძველი.
ეს ესმის ჩვენს მეზობლებს. ეს ესმის მთელ პროგრესულ კაცობრიობას. ჩვენს პარტნიორებთან ერთად სწორედ ამის დამტკიცებას ვცდილობთ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელებისთვის.
ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ მათ, რომ საქართველოსთვის პრობლემების შექმნით  რუსეთში არც ერთი პრობლემა არ გვარდება. შესაძლოა პირიქითაც...
ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ, რომ დალაგებული, ეკონომიკურად წელში გამართული, სტაბილური საქართველო, საქართველო, რომელმაც გააკეთა ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ გაერთიანებას.
ჩვენ ვაშენებთ მშვიდობიან და დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც მიზანია კეთილმეზობლობა, მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ დაცული იქნება ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა - მხოლოდ ამ ფასეულობების პატივისცემის ფონზე.
ამ რაციონალური მიდგომით ჩვენ შევცვალეთ წინა ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა, რომელსაც არავითარი შედეგი არ ჰქონდა.
ჩვენი დასავლურობა არა ვინმესთან დაპირისპირებაზე, არამედ საკუთარ უნიკალურ ევროპულ იდენტობაზე ავაგეთ.
შარშან რუსეთთან გავხსენით დიალოგის ახალი ფორმატი, რომლის ფარგლებშიც საუბარი დავიწყეთ ეკონომიკურ, სავაჭრო, კულტურულ და ჰუმანიტარულ საკითხებზე. 
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში გარკვეული წინსვლა შეინიშნებოდა, თუმცა მავთულხლართების მშენებლობამ და ე.წ. სასაზღვრო ზოლის 11 კილომეტრით გადაწევამ, არსებულ პოზიტივს სერიოზული ზიანი მიაყენა.
ამავე დროს, ჩვენ კვლავ ვაცხადებთ მზადყოფნას, გავაღრმავოთ რუსეთთან დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პარალელურად, საქართველოს ეროვნული ინტერესების - საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული პატივისცემის გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც ვაპირებთ გადავჭრათ ეს ურთულესი პრობლემები.
ეს ძალზე რთული გზაა. მაგრამ ეს ერთადერთი გზაა!
საქართველო, ჩვენი ქვეყანა, ხშირად იყო დაპყრობილი სხვადასხვა იმპერიების მიერ.
ჩვენი ისტორია, ხშირად, ჩვენი თვითმყოფადობის საწინააღმდეგოდ ვითარდებოდა.
როგორც კი დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ჩვენმა საზოგადოებამ საკუთარი მომავალი  ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეს დაუკავშირა.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ევროპულობა არის არა კონიუნქტურული, არამედ ის ბუნებრივი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ერს ისტორიის განმავლობაში ბევრჯერ მიუღია.
ჩვენ ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გვაღიარებდნენ ევროპულ ერად.
ჩვენ არა უბრალოდ ვიყავით ქრისტიანულ-იუდეური კულტურის ნაწილი, არამედ ვქმნიდით კიდეც მას.
ამიტომაც ევროპა ჩვენი ოჯახია, ჩვენი ღირებულებებია, ჩვენი მომავალია! იმავდროულად, ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნების გარანტიაა!
პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან - ევროპულ სახელმწიფომდე - სწორედ ასე განისაზღვრება ჩვენი უახლოესი მომავლის ისტორიული და პოლიტიკური მისია.
ამ გზაზე, შარშან ნოემბერში, ვილნიუსში ჩვენ გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, როდესაც მოვახდინეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება.
ახლა ჩვენი მიზანია უმოკლეს ვადებში მოხდეს ამ ხელშეკრულებების ხელმოწერა, რის შედეგადაც საქართველო გახდება პირველი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც ასეთ ხელშეკრულებებს გააფორმებს ევროკავშირთან.
ვილნიუსში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას დავინახე, თუ რაოდენ დიდია მხარდაჭერა მათი მხრიდან; დავინახე, რომ ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელები გულშემატკივრობენ საქართველოს და მის ევროპულ არჩევანს.
ამიტომაც, მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, სრული რწმენით ვაცხადებდი და ვიმეორებ: საქართველოში ევროპული არჩევანი არასოდეს გადაიხედება! საქართველოში საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი არასდროს  დაუპირისპირდება ერთმანეთს ამის გამო!
კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს არ მოხდება არა იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური სპექტრის არჩევანია, არამედ იმიტომ, რომ ეს არჩევანი გაკეთებულია ჩვენი წინაპრების მიერ. ამ გზაზე ჩვენ ძალიან მტკიცედ ვდგავართ.
2014 წელს უნდა გაღრმავდეს და განმტკიცდეს ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - შეერთებულ შტატებთან.
ამ მხრივ ჩვენ ვმოქმედებთ სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში, რომლის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის ამოწურული, უფრო მეტიც, მას განვითარების კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობები და პერსპექტივა აქვს.
საგრძნობლად ვითარდება თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. გაიმართა შეხვედრები ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის.
2013 წელს საქართველოში რამდენჯერმე გაიმართა საქართველო-აშშ-ს ერთობლივი სამხედრო წვრთნები.
2013 წლის აგვისტოში კი, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, პენტაგონში გაიმართა საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა.
ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ აშშ-თან გავაღრმავებთ ეკონომიკურ თანამშრომლობასაც, რომელიც გახსნის ბაზარს და ამავდროულად, მოიზიდავს ინვესტიციებს.
ჩვენ იმედი გვაქვს ურთიერთობის გაღრმავებისა სახელმწიფოს ხელმძღვანელებს, დეპუტატებს, სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფებსა და, რა თქმა უნდა, საზოგადოებას შორის.
ამ მიმართულებით 2014 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სტაბილური და უსაფრთხო საქართველოს მშენებლობის მომავალს ნატო-სთან ინტეგრაციის  პროცესში ვხედავ.
დაცული მოქალაქე, დაცული საზოგადოება და დაცული სახელმწიფო - ეს არის ნატო-ს უმთავრესი სტანდარტი, რომლის მიმართულებითაც უნდა განვითარდეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა.
2013 წელი მნიშვნელოვანი იყო ნატო-სთან დაახლოების თვალსაზრისით.
მიღებულ იქნა ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვის შესახებ. ჩვენ საუკეთესო შეფასებები მივიღეთ 2013 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებისათვის.
აქვე აღსანიშნავია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში, რაც ხაზს უსვამს ჩვენი თანამშრომლობის განსაკუთრებულ ხარისხს.
თქვენ იცით, რომ ჩვენი ჯარისკაცები გმურულად მსახურობენ ISAF-ის მისიაში. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მათ ამ სამსახურისთვის.
საუკუნო ხსოვნა მათ ვინც ამ სამსახურის დროს სიცოცხლე დაკარგა.
ამ მისიაში მონაწილეობის შედეგად საქართველოს დღეს ჰყავს 11000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც საზღვაო ქვეითების სტანდარტების შესაბამისად არიან მომზადებული.
ქართული მხარე 2014 წლის შემდეგაც გააგრძელებს მონაწილეობას ავღანეთში დაგეგმილ ახალ მისიაში, ხოლო 2015 წლიდან ასევე ჩავერთვებით ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში.
ნატო-სთან ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველომ შესთავაზა ალიანსს ISAF-ის ძალების ავღანეთიდან გამოყვანის  ოპერაციაში ერთ-ერთ ყველაზე ოპტიმალური სატრანზიტო გზა - საკუთარი ინფრასტრუქტურა.
2014 წლის სექტემბერში დაგეგმილია ნატო-ს სამიტი.
ჩვენი საზოგადოება, ისევე, როგორც ხელისუფლება, ამ სამიტზე ელოდება ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობისა და თანამონაწილეობის თვალსაზრისით ეფექტური ნაბიჯების გადადგმას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით.
ჩვენ ასევე მზად ვართ გაეროსა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობისთვის.
2013 წელს, ვილნიუსში ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე.
ჩვენ სამ ოპერაციაში მონაწილეობის მოწვევა მივიღეთ, რასაც საქართველომ მხარი დაუჭირა.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ მისიებში მონაწილეობა ზრდის როგორც გლობალურ უსაფრთხოებას, ისე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასაც.
შესაბამისად, მე, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, მიზანშეწონილად მივიჩნევ ცენტრალური აფრიკის  რესპუბლიკაში ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ასეულის გაგზავნას.
მივმართავ საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
დღეს საქართველოს სახელმწიფო რეალურად და მაქსიმალურად ზრუნავს ჯარისკაცებზე და სათანადოდ აფასებს მათ. ეს გამოიხატება არა მხოლოდ წვრთნის, არამედ განათლებისა და სხვა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამებშიც.
2013 წელს შეიქმნა „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ ახალი დოკუმენტი, რომელიც ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.
საქართველოს აქვს ამბიცია, რომ მთლიანად გადავიდეს პროფესიულ ჯარზე. მიდინარეობს მუშაობა ახალი „ეროვნული სამხედრო სტრატეგიის შექმნაზე“.
როდესაც ვსაუბრობთ თავდაცვაზე და ჩვენს გეგმებზე ამ მიმართულებით, მინდა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება არ არის მიმართული რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ჩვენი მიზანია თანამშრომლობა და არა კონფრონტაცია.
ჩვენ არასოდეს დავაყენებთ საფრთხის ქვეშ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების უსაფრთხოებას, მაგრამ ყოველთვის მზად ვიქნებით დავიცვათ ჩვენი საერთო უსაფრთხოება და კეთილდღეობა.
აი, მოკლედ ის, რისი თქმაც დღეს მსურდა.
ცხადია, ჩვენი შეხედულებები და შეფასებები შეიძლება განსხვავდებოდეს. მე მივესალმები დებატებს ამ საკითხებთან დაკავშირებით.
მივესალმები განსხვავებულ მოსაზრებებს, რომლებიც შეიძლება იყოს ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით, მაგრამ, მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოში აღარასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ შეთანხმება, რომ სახელმწიფოს მოქალაქეთა წინაშე აკისრია დემოკრატიის, მშვიდობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის, თანასწორობის უზრუნველყოფის უდიდესი პასუხისმგებლობა.
ვინაიდან სწორედ ასეთია დემოკრატიული სახელმწიფო და ასეთია ჩვენი ქვეყნის ტრადიცია.
გმადლობთ.