საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საჯარო ინფორმაცია | სარეზერვო ფონდი
მთავარი მიზანი

სარეზერვო ფონდის უმთავრესი მიზანია საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დამკვიდრებისა და განვითარების ხელშეწყობა.

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის 2017 წლის პრიორიტეტები:
 
  1. დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ინტეგრაციული პროცესების განმტკიცება
  2. საქართველოს კონსტიტუციის ცოდნის პოპულარიზაცია
  3. რეგიონებში განათლების ხარისხისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა
  4. ინოვაციური და სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარება
  5. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჩართულობის ხელშეწყობა
  6. ბავშვთა და ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცება
  7. სახელმწიფო მმართველობის სისტემაში ქვეყნის უშიშროების დაცვის გაძლიერება
  8. კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა
 
სამართლებრივი საფუძველი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში შექმნილი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად.

მოცულობა

მიმდინარე წლის საბიუჯეტო კანონით შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 მლნ. ლარის ოდენობით.

ორგანიზება და მიზნობრიობა

სარეზერვო ფონდის ხარჯების მიმართულებებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული მოცულობის მიხედვით.
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხებს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს ფინანსთა მინისტრი.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს „საქართველოს პრეზიდენტის დავალებების შესრულებასა და კონტროლს სარეზერვო ფონდის განკარგვასთან დაკავშირებით“.
„საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის  შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 9 ოქტომბრის N412 ბრძნებულების შესაბამისად დადგინდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის როლი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში:
(ბრძანებულების ჩამოსატვირთი ლინკი)
 
შეზღუდვები:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი (მუხლი 49) ითვალისწინებს სარეზერვო ფონდის განკარგვის შეზღუდვის შემთხვევებს, კერძოდ:

1. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რაც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

2. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა/ ისეთი გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ან/და შეღავათების დაწესება,რაც ზემოაღნიშნულ პერიოდამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით.

ზემოაღნიშნული აკრძალვები არ ვრცელდება სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და საარჩევნო უბნების მოწყობის დაფინანსებაზე.
წინასაარჩევნო პერიოდში აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო- ან აუდიომასალის დამზადება, ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნა, რომელშიც /რომელზეც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/ პოლიტიკური პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ სუბიექტის /პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას. ასევე ამ პერიოდში აკრძალულია საბიუჯეტო სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტი/პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება.
 
საჯაროობა და მონიტორინგი

ინფორმაცია ფონდიდად გაცემული დაფინანსების შესახებ საჯაროა, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.
 
განცხადების შემოტანის პროცედურა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადების შეტანა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელსაც არ გააჩნია დავალიანება სახელმწიფოს წინაშე ან მესამე პირების წინაშე
განმცხადებელმა უნდა შეავსოს ფორმა, წარმოადგინოს ფორმაში მოთხოვნილი დოკუმენტაცია, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა.

ფიზიკური პირი, რომელსაც სურს პრეზიდენტს მიჰმართოს ფინანსური დახმარების შესახებ ავსებს მხოლოდ თავდპირველ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსების მოპოვების შესახებ.
ყველა სხვა შემთხვევაში აუცილებელია ორივე განცხადების შევსება.
განცხადების ფორმები უნდა შეავსოთ, ამობეჭდოთ, ხელი მოაწეროთ და ფიზიკურად ჩააბაროთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორესპოდენციის მართვის დეპარტამენტს, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში.

შევსებულ განცხადებებს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი საბუთები:
 
  1. ცნობა ყადაღის შესახებ
  2. ცნობა საგადასახადო დავალიანების შესახებ
  3. პირადი მოწმობის ასლი და/ან ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  4. ამონაწერი საბანკო რეკვიზიტების შესახებ
  5. ბენეფიციართა და/ან პროექტის განმახორციელებელთა ბიოგრაფიები
  6. ყველა სხვა დოკუმენტი, რომელიც განაცხადების მიხედვით არის მოთხოვნილი.
 
უცხოენოვანი საბუთების წარმოდგენა უნდა მოხდეს სახელმწიფო ენაზე თარგმნილი და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული ასლების მეშვეობით.