გრძელდება საკონკურსო განაცხადების მიღება „შშმ პირთა ისტორიები"

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გრძელდება საკონკურსო განაცხადების მიღება თემაზე -  „შშმ პირთა ისტორიები".  კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ შშმ პირებს, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს.
 
კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს გამოაცხადა.
 
"მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები  წლებია ახორციელებენ პროექტებს  შშმ პირთა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, მსოფლიო მასშტაბით შშმ პირები კვლავ აწყდებიან პრობლემებს, თუმცა არის გარკვეული პროგრესიც.
 
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შშმ პირებს მივცეთ შესაძლებლობა თავად შეაფასონ ქვეყანაში არსებული სიტუაცია და გამოგვიგზავნონ საკუთარი წარმატებისა თუ წარუმატებლობის ისტორიები.  კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ ჟურნალისტებსაც და ბლოგერებსაც, რათა თავად აღმოაჩინოთ და გააშუქონ შშმ პირთა შესახებ საინტერესო ისტორიები", - განაცხადა საქართველოს საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტმა შშმ პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისმა.
 
შშმ პირთა ისტორიების კონკურსში 6 გამარჯვებული გამოვლინდება. აქედან, დაჯილდოვდება 3 ისტორიის გმირი და სამი პუბლიკაციის ავტორი. 
 
კონკურსისათვის განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება 1 დეკემბრის ჩათვლით. გამარჯვებულები კი, სიმბოლურად, 3 დეკემბერს,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდებიან.
 
კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. 
 

კონკურსის პირობები იხილეთ: შშმ პირთა ისტორიების კონკურსის პირობები