ორბელიანების სასახლეში პანდემიის გამო დროებით შეჩერებული ექსკურსიები დღეს განახლდა

ორბელიანების სასახლემ დღეს სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლა.

პრეზიდენტის სასახლის დათვალიერება, კოვიდპანდემიის შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელიც info@president.gov.ge-ზე გააგზავნის შესაბამის მოთხოვნასა და ტურის მონაწილეთა სიას.

„ორბელიანების სასახლე თავისი მაღალი წარმომადგენლობითი სტატუსითა და განახლებული ინტერიერით საზოგადოების ინტერესის საგანია. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებს შეუძლიათ დაათვალიერონ სასახლე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში ირინე შენგელიამ.

სასახლის ექსკურსიებისთვის განკუთვნილი დღეებია ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი. კონკრეტული თარიღი კი, ელექტრონული ფოსტით გაკეთებული მოთხოვნის შემდეგ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განისაზღვრება.

ექსკურსიები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.