სალომე ზურაბიშვილი: დღეს აქ წარმოდგენილი ქართული მრავალხმიანი სიმღერა ქართული უნიკალური კულტურის ნაწილია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიმღერებით მცირედით მაინც გასაგები გახდება რა იყო, რა არის და რა იქნება საქართველო!

ქართული კულტურისა და მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის მიზნით ვატიკანში, პრეზიდენტის სახელით, მიღება გაიმართა.

მიღება რომში, კანცელარიის სასახლეში ანსამბლ „ბასიანის" მონაწილეობით ჩატარდა. 

საქართველოს პრეზიდენტმა მიღებაზე მოწვეულ სტუმრებსა და ვატიკანში აკრედიტებულ დიპლომატებს სიტყვით მიმართა და ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ღირებულებების შესახებ ისაუბრა.

„საქართველო, საუკუნეების განმავლობაში, ტოლერანტობის ქვეყანა იყო, რაც ჩვენი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. დღეს ტოლერანტობა მრავალმხრივ საფრთხის ქვეშაა. საქართველოშიც ვხედავთ პოლარიზაციას, რასაც საერთო ღირებულებების გაზიარება უნდა დავუპირისპიროთ. ამ ღირებულებებს განმტკიცება, ჩვენ კი, მრავალ სფეროში სოლიდარობა და მხარდაჭერა გვჭირდება, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა.

300 წლის წინ სულხან - საბა ორბელიანი ვატიკანში ჩამოვიდა და პაპთან აუდიენცია გამართა. უკვე მაშინ, ის საქართველო-ვატიკანს შორის კავშირების დამყარებას ცდილობდა. 

დღეს სულხან-საბა ქართული დიპლომატიის მამად არის მიჩნეული და ქრისტიანულ ევროპასთან კავშირის სიმბოლოა.

დღეს აქ წარმოგიდგინეთ ქართული მრავალხმიანი სიმღერა, რომელიც ქართული უნიკალური კულტურის ნაწილია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიმღერებით მცირედით მაინც გასაგები გახდება რა იყო, რა არის და რა იქნება საქართველო! 

ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი საღამო საქართველოში სტუმრობის სურვილს გაგიჩენთ",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.