პრეზიდენტი - ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ არჩეული გზაა და ამ გზაზე წარმატებული სვლისათვის მნიშვნელოვანია იმ ქვეყნის მხარდაჭერა, რომელმაც ახლახან გაიარა ეს გზა

ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტებმა პრესკონფერენცია გამართეს და პრესის შეკითხვებს უპასუხეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ვიზიტს ისტორიული უწოდა. „დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ურთიერთობებში. მე ვარ საქართველოს პირველი პრეზიდენტი, პირველი ვიზიტით ამ ქვეყანაში და ეს ჩემთვის ძალიან საამაყო და საპატიოა.

ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ ორიოდ წელს ითვლის, მაგრამ ამ მცირე დროის განმავლობაში, დავრწმუნდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისათვის ურთიერთობების გაღრმავება და განმტკიცება.

პრეზიდენტ პენდაროვსკის და ჩემი პირველი შეხვედრიდან, რომელიც იერუსალიმში, 2020 წლის იანვარში შედგა, სულ ცოტა ხანში, მსოფლიო გლობალური პანდემიის შედეგად წარმოქმნილი უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ერთ წელზე მეტია მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის. პანდემიამ პრაქტიკულად გააჩერა საერთაშორისო ურთიერთობები. ეს კრიზისი განსაკუთრებით პატარა ქვეყნებზე აისახა. ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ სოლიდარობითა და ურთიერთთანადგომით შევძლებთ გლობალურ კრიზისთან გამკლავებას. ეს სოლიდარობა ვაქცინების ხელმისაწვდომობაშიც უნდა გამოიხატებოდეს.  

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას ბევრი საერთო რამ აერთიანებს. ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია თქვენსა და ჩვენს მიერ არჩეული გზაა და ამ გზაზე წარმატებული სვლისათვის მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი პარტნიორის მხარდაჭერა და მითუმეტეს, იმ ქვეყნისა, რომელმაც ეს გზა ახლახან გაიარა. ვაფასებთ ჩრდილოეთ მაკედონიის მზაობას საქართველოს გაუზიაროს ევროინტეგრაციის პროცესში მიღებული გამოცდილება. დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ჩვენთვის მაგალითის და იმედის მომცემია. 

პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ბორდერიზაციის პროცესზე, ადამიანების გატაცებასა და ახლახან უკანონოდ დაპატიმრებულ გახელაძის საკითხზე. ვისაუბრეთ ყველა იმ თემაზე, რომელიც ესკალაციისა და დაძაბულობის ხელოვნურად შექმნის პირდაპირი ნიშანია. 

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რეგიონსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და რუსეთის მიერ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონის მილიტარიზაციის პროცესზე. პასუხი ამ ესკალაციაზე არის ერთი. 14 ივნისს ნატო-ს სამიტზე გზავნილები უნდა იყოს ძალიან მკაფიო და ძალიან ნათელი. საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისათვის ნათელი პერსპექტივის შექმნა რეალური და არაკონფრონტაციული პასუხია ამ მოვლენებზე. 

ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ასევე, გახლავთ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დაძვრა და გაღრმავება. რამდენიმე წუთის წინ, ბატონ პრეზიდენტთან ერთად, ხელი მოვაწერე შეთანხმებას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ათავისუფლებს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში შესვლისას ვიზის მიღების ვალდებულებისგან. ამ შეთანხმებით მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლას და გავაძლიერებთ ტურიზმს, ვაჭრობასა და ეკონომიკას. 

დღეს ასევე გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი კულტურის სფეროში - თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის კულტურის მინისტრებმა, ნიშნად ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპისა.

ასევე, ჩვენი შეხვედრისას მე შევთავაზე ბატონ პრეზიდენტს ინიციატივა, რათა გავერთიანდეთ პატარა ქვეყნები და მოვახდინოთ ჩვენი ხედვების ერთგვარი კონსოლიდაცია იმ გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში, როგორიცაა კლიმატის ცვლილებები, ან გარემოს დაცვა. სადაც, პატარა ქვეყნების სიტყვა, თუ ის ერთიანი არ იქნება, ალბათ ვერ იქნება მოსმენილი ჩვენი დიდი პარტნიორების მიერ. 

ვისაუბრეთ ასევე, იმ საკითხებზე, რომელიც ორივე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რომელზეც შეგვიძლია კიდევ უფრო ღრმა თანამშრომლობა. ეს ეხება კიბერსუფრთხოებას, ყალბი ინფორმაციის - „ფეიკ ნიუსების“ საკითხსა თუ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას. მე ამ პირველი ვიზიტის შემდეგ ველი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ მეტად გაღრამვდება და თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, ახლო მომავალში გვესტუმრებით საქართველოში.

მინდა ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ ამ ვიზიტისთვის ჩემი და ჩემი დელეგაციის სახელით“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტის განცხადებით, ეს პირველი და ისტორიული ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის ცოტა ხნის წინ დიპლომატიური ურთეორთობების დამყარებას მოჰყვა. 

„სიმბოლურად, ჩვენ მნიშვნელოვანი იუბილე გვაკავშირებს - ორივე ქვეყანა - ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო დამოუკიდებლობის 30 წელს აღნიშნავენ. 

პანდემიამ შეცვალა დაგეგმილი შეხვედრების დინამიკა, თუმცა ეს პირველი ოფიციალური ვიზიტი, დაკარგული დროის ანაზღაურების შესაძლებლობაა. 

პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად ახლო მომავალში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განვიხილეთ, ამისათვის მომენტით სარგებლობა და მტკიცე საფუძვლის შექმნაა საჭირო.

მჯერა, რომ საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლის პირველი ვიზიტით ჩვენს მეგობრულ ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობის ისტორიას ვწერთ“, - განაცხადა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკიმ.