პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა

საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი ლექტორი ქალის, ქველმოქმედის, პოეტისა და მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისის, ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გაიცემა ორ ნომინაციაში: 

პროზაული ნაწარმოების ქართული თარგმანისათვის და სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანისათვის. 

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება.

კონკურსის პირობები: 

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებს. 
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა თავიანთი უნივერსიტეტის კანცელარიაში უნდა წარადგინონ საბუთები და საკონკურსო თარგმანი  
  • საკონკურსო ნაშრომის წარდგენისას ამავე ნაწარმოების ქართული თარგმანი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სხვა მთარგმნელის მიერ.

კონკურსის ეტაპები: 

  • უნივერსიტეტში, რომელსაც აქვს კონკურსში მონაწილეობის სურვილი, რექტორის ბრძანებით იქმნება კომისია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების ნაშრომების განხილვის, მათ შორის ორივე ნომინაციის მიხედვით თითო საუკეთესოს გამოვლენისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენის მიზნით.
  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უნივერსიტეტებიდან შემოსული თარგმანებიდან ორივე ნომინაციის მიხედვით დასაჯილდოებლად გამოავლენს თითო კანდიდატს და თავის გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
  • საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანდიდატების დაჯილოების შესახებ.

კონკურსის ვადები:

  • კონკური ცხადდება 2021 წლის 29 დეკემბერს. 
  • საკონკურსო თარგმანების,  მათი ორიგინალების  და საბუთების უნივერსიტეტის კანცელარიაში წარდგენა სტუდენტებს შეუძლიათ 2022 წლის 7-დან 18 თებერვლის ჩათვლით.
  • საკონკურსო ნამუშევრები უნივერსიტეტში შექმნილ კომისიას გადაეცემა 2022 წლის 21 თებერვალს.
  • პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკონკურსო ნამუშევრები წარედგინება 2022 წლის 14 მარტს.
  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი გამოავლენს საუკეთესო თარგმანებს და საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად  წარუდგენს 2022 წლის 14 აპრილს. 
  • გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 23 აპრილს ორბელიანების სასახლეში

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • კოორდინატორი: ირინე შენგელია - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში 
  • ელექტრონული მისამართი: info@president.gov.ge 
  • სატელეფონო ნომერი: (+995) 599 147 168