პრეზიდენტმა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა

მივესალმები,
მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს,
ბატონ პრემიერ-მინისტრს,
მინისტრებს,
არჩეულ დეპუტატებს,
მივესალმები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს,
აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებს,
ქალაქ თბილისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს,

მივესალმები საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრეს მეუფე შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს,
დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლებს,
მივესალმები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს,

მივესალმები საზოგადოებას, რომელიც ახლა გვიყურებს და გვეუბნება „დავიღალეთ“! საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ ამ დარბაზში და ამ დარბაზის გარეთ.

„დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით!

ოცდაათი წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა!  ყველანი, მათ შორის მეც, ვიდექით პარლამენტის კიბეებზე. დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება! 

„დავიღალეთ“ მუდმივი ბრძოლით ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის: ზვიადისტები, ანტიზვიადისტები,  შევარდნაძისტები, ანტიშევარდნაძისტები და ეს დღესაც გრძელდება. იმ დროს, როცა ქვეყანას დეპოლარიზაცია, სოლიდარობა და ერთიანობა სჭირდება!

„დავიღალეთ“ გაუთავებელი ლანძღვით, შეურაცხყოფებით, ქართული თუ კავკასიური ზრდილობის უგულებელყოფით!

სიძულვილი ქვეყანას ტოვებს გახლეჩილს, დაუცველსა და დასუსტებულს იმ დროს, როცა მას ყველაზე მეტად სჭირდება ეროვნული ენერგიის მობილიზება გამოწვევებთან გასამკლავებლად.

საზოგადოების მოთმინება ამოიწურა, რამეთუ თითქმის 100 წელი გავიდა, რაც რუსეთის მე-XI არმიამ დამოუკიდებელი საქართველო  დაიპყრო. თითქმის 30 წელია, რაც ხელახლა აღდგა დამოუკიდებლობა და დასრულდა საბჭოთა იმპერია და მას შემდეგ ვაშენებთ სახელმწიფოს. 30 წელი კი სიმწიფის ასაკია - ადამიანისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. დროა მოჯადოებული წრე გავარღვიოთ! 

საქართველო გზაგასაყარზეა. ქვეყანა გათავისუფლდა ხილული ბორკილებისგან, მაგრამ უფრო მყარი აღმოჩნდა უხილავი ბორკილები. დღეს ვართ დამოუკიდებლები, ვართ თავისუფლები, თუმცა ჯერ კიდევ გვჭირდება ჩვენი ცნობიერების გათავისუფლება და ინსტიტუტების გაძლიერება. ამისთვის კი საჭიროა გავთავისუფლდეთ იმისგან, რაც ჩვენს ცნობიერებას აბრკოლებს:

პირველ რიგში შიში, არა შიში ინსტიტუტებისა და სახელმწიფოს შიში, რაც ადრე არსებობდა, არამედ შინაგანი შიში სიმართლის თქმისა, შიში ინიციატივის და პასუხისმგებლობისა! თამამი ნაბიჯების გადადგმის შიში! შიში, რომელიც ყველაფერს აბრკოლებს და ჩვენს თავს გვართმევს.

ტყუილი და ხალხით მანიპულირება ცრუ ლოზუნგებისა და პოპულისტური დაპირებების მეშვეობით. იდეოლოგიების დრო დამთავრდა: კომუნიზმი  დასრულდა,  ულტრალიბერალიზმმაც ვერ გაამართლა, ურაპატრიოტიზმი რეალური ეროვნული შემართების საპირისპიროა. ფანატიზმი შლის საზოგადოებას და  ანგრევს პიროვნებას.

ერთგვარი კოლონიალური კომპლექსი, რომელიც დამოუკიდებლობის სრულფასოვან აღქმას აბრკოლებს; ნაკლებად  გვჯერა საკუთარი თავის, საკუთარი წიაღიდან წამოსული სიტყვისა და აზრის. ეს გვართმევს თვითდაჯერებულობას, რომლის გარეშეც შეუძლებელია გვქონდეს საკუთარი თავის რწმენა და ეფექტურად ვმართოთ ქვეყანა. ეს ჩვენი სისუსტეა, რომელიც გვაიძულებს, მაგალითად, მუდმივად ვამტკიცოთ ჩვენი ევროპელობა მაშინ, როცა ევროპელობა ჩვენი ისტორიისა და კულტურის არსია. 

ნეპოტიზმი, რომელიც გზას უკეტავს პროფესიონალიზმს. უნდა დასრულდეს გამოცდილებისა და ცოდნის უგულებელყოფა, რაც შრომის ბაზრიდან უფროსი თაობების განდევნას ამართლებს და გვაღარიბებს. დაუშვებელია ნიჭიერების და განათლების დაუფასებლობა; დამღუპველია შიში თავისუფალი ადამიანისა. ეს გვაკარგვინებს ძვირფას ადამიანურ რესურსს და აფერხებს მათ მოზიდვას ქვეყნისა და საზოგადოების სამსახურში.

მერკანტილური მიდგომა, რაც გამოითქმის ორი სიტყვით - „მე რა?“ - მრავალჯერ გავიგონეთ არჩევნების და არა მხოლოდ არჩევნების დროს.  უანგარობა და თავდადება სისულელედ უფრო აღიქმება, რაც საწყისშივე კლავს სახელმწიფო მოღვაწეობის სურვილს. ერთნაირად გვესმის მოღვაწეობა, საქმიანობა და მუშაობა! მერკანტილობა გვიბიძგებს სწრაფი მატერიალური შედეგის მიღებისკენ და არა  გრძელვადიანი მიზნის მიღწევისკენ. იმაშიც გვიშლის ხელს, რომ სათანადოდ დავაფასოთ მეცენატობა.

მტრად და მოღალატედ გამოცხადება, რაც ყველა ტოტალიტარული რეჟიმის პირველი მახასიათებელი იყო. მტრის ხატით, მისი ძიებით შიგნით და გარეთ, ამართლებდნენ ადამიანების დამონებას, საზოგადოების ჩაკეტვას და პიროვნებების განადგურებას.  ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩავაბაროთ ეს ტერმინები, ეს ენა, ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებისა და ადამიანებისადმი. ამ ბორკილების დამსხვრევაზე დამოკიდებულია ჩვენი მომავალი ახალი, თამნამედროვე, ძლიერი საქართველო.

სახელმწიფო ძლიერი მაშინ არის როდესაც მას აქვს ძლიერი ინსტიტუტები. დღევანდელი თავდასხმა ყველა ინსტიტუტზე, რომელიც ჩვენი იდენტობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების, სტაბილურობის ღერძი და ქვეყნის მომავლის ქვაკუთხედია არის სახელმწიფოსთვის დესტრუქციული. 

პატრიარქი, რომელიც ჩვენი სულიერი ენერგიისა და ეროვნული სიმხნევის წყაროა; ჩვენი ეკლესია, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გადაარჩინა ქართველი ერის იდენტობა და ერთიანობა, გზა გაუხსნა  დამოუკიდებლობას. მათი დისკრედიტაცია ჩვენი სულიერი სიმტკიცის შერყევას ემსახურება!

ჯარი, რომელიც სახელმწიფოს საყრდენია, ღირსებისა და ეროვნული სულისკვეთების განსახიერებაა. საქართველოს ხვალინდელი დღე სწორედ ღირსეულ, თანამდროვე და ძლიერ ჯარზე დგას. ამდენად, ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფა ეწინააღმდეგება ჩვენს სტრატეგიული მიზნებს, კერძოდ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.  მიზანმიმართული კამპანიით, დამახინჯებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვებით, ჯარსა და უმაღლეს მთავარსარდალს შორის უნდობლობის დათესვა კი ჯარის დემორალიზაციას ემსახურება. 

პოლიცია, რომელიც იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას,  სტაბილურობას და მშვიდობას ქვეყანაში. ვიცით რამდენად მნიშვნელოვანი და რთულია  მისი როლი  საოკუპაციო ხაზთან. უნდა გვესმოდეს, რამდენად დამანგრეველია ქვეყნისთვის პოლიციელის  შეურაცხყოფა თუ მასზე მორალური ზეწოლა.

პარლამენტი, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკაში წარმოადგენს ხელისუფლების მთავარ შტოს. მისი შეურაცხყოფა - იქნება ეს გავრილოვის სკამზე დასმით თუ საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებით ან კიდევ პარლამენტის ხელჩართული ბრძოლის არენად ქცევით - შეურაცხყოფაა ჩვენი ისტორიისა. იმ ადგილის, სადაც განისვენებენ იუნკერები, სადაც 9 აპრილს დახოცეს გულანთებული პატრიოტები. დემოკრატიის და არჩევნების არსის სრული უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერმიღწევის გამო და გაყალბების რეალური მტკიცებულების გარეშე, ითხოვ ახალ არჩევნებს და უარს ამბობ ამომრჩევლის ნდობით მოპოვებულ მანდატზე და მრავალპარტიულ პარლამენტზე!

სასამართლო, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. მართალია, ჩვენი სასამართლო ჯერ ვერ აკმაყოფილებს  ყველა სტანდარტს. მაგალითად, მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა უვადოდ მოსამართლეების გამწესებისთვის მზად ჯერ არ იყო და დღესაც ბევრი რამ დამაკმაყოფილებელი არ არის. ამავე დროს უნდა დავინახოთ განვლილი გზა:  რეფორმის ოთხი ეტაპი განხორციელდა. გაზრდილია მოქალქეების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ  მოგებული დავების რაოდენობა. შესაბამისად,  სტარსბურგის სასამართლოში შემცირებულია მიმართვიანობა. მიუხედავად სისტემაში არსებული ნაკლოვანებებისა და რეფორმის გაგრძელების აუცილებლობისა, არასწორია სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ეს ხელს უწყობს მხოლოდ ერთ რამეს - საზოგადოებაში ნიჰილიზმის დამკვიდრებას. 

პრეზიდენტი. კარგად იცით, რომ შეურაცხყოფა და ცილისწამება, თუნდაც ყოველდღიური, ჩემზე არ მოქმედებს, არ ვპასუხობ და უარს ვერ მათქმევინებს ინაუგურაციაზე დადებულ პირობაზე: „ვიყო ყველას პრეზიდენტი“.

თუმცა, ნათელია,  თუ რას ემსახურება ასეთი სისტემატური თავდასხმა პრეზიდენტის პერსონაზე, სიტყვაზე თუ ქმედებაზე და მიზანში ამოღება მისი უფლებამოსილებების: უმაღლესი მთავარსარდლობის, საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენლობის თუ შეწყალების უფლების.

მიზანია შესუსტდეს ქვეყნის გარეთ სახელმწიფოს ავტორიტეტი და სახე და ქვეყნის შიგნით ერთიანობის სიმბოლო. ეს მე კი არ მაზიანებს, ყველას ერთად გვასუსტებს.

ამ დესტრუქციული კამპანიის ფარგლებში აგრესიის ქარცეცხლში მოყვნენ ისინიც, ვისი როლი ჩვენი სტაბილურობისა და განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ექიმები და სამედიცინო პერსონალი, რომელთა თავდადება პანდემიასთან ბრძოლის უმძიმეს დღეებში მხოლოდ მადლიერებას იმსახურებს. მათი შეურაცხყოფა ჩვენი შეურაცხყოფაა. მე მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი მათ ყველას მაგივრად. ამ დესტრუქციული კამპანიის მიზეზიც ნათელია - ნდობა, რომელმაც განაპირობა პანდემიის პირველ ეტაპთან წარმატებით გამკლავება, უნდა შეირყეს და შეიცვალოს სკეპტიციზმით, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც მძიმე ვითარებას.

დიპლომატიური კორპუსის მისამართით გაჟღერებული სამარცხვინო განცხადებები პირველ რიგში უზრდელობაა! და გაუგებარია, როცა ამავე დროს მათ ვთხოვთ ჩვენს შიდა პროცესებში ჩართვას და მედიატორობას. ეს დაუშვებელია მაშინ, როცა საერთაშორისო თანამეგობრობისგან ქვეყანა ელოდება მეტ თანამშრომლობას და სოლიდარობას.

მედია, რომლის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატია, საკუთარ თავს აზიანებს, როდესაც წინ არ აღუდგება პოლარიზებას, როცა ებმება პოლიტიკურ ბრძოლაში  და გამოყენებულია პოლიტიკურ იარაღად. საკუთარი თავის დისკრედიტაციით მან შეიძლება დაკარგოს ინფორმაციული ფუნქცია და საზოგადოების ნდობა. მისთვის fake ნიუსებიც დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მედიის ვალია, ამ გამოწვევებს პროფესიონალიზმით და მიუკერძოებლობით გაუმკლავდეს, რაც საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა.

ამ ჩამონათვალიდან ნათლად ჩანს, რომ დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე არა რომელიმე ერთი ინსტიტუტია, არამედ ყველაფერი, რამაც ეს ქვეყანა დღემდე მოიყვანა და რაზეც დღეს  ის და მისი მომავალი დგას. თუ ამას წინ არ აღვუდგებით, მივიღებთ ნდობადაკარგულ, დემორალიზების გზაზე მდგარ, ნიჰილიზმით შემოსილ საზოგადოებას. ამგავრი საზოგადოება ხომ ყველა მტრის მიზანია. ამიტომ ამ ინსტიტუტების დაცვა სხვა არაფერია, თუ არა  სახელმწიფოს დაცვა! ეს ყველა ჩვენგანის მოვალეობაა.

ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ ახალი ეტაპი და საქართველოს სჭირდება:

უახლესი ისტორიის გადაფასება

30 წლის წინ საქართველომ წარმატებით ჩააბარა დემოკრატიის ტესტი. გამოხატა საკუთარი ნება არჩევნებისა და რეფერენდუმის მეშვეობით.  დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ, გაიმარჯვეს ეროვნულმა ძალებმა.  ამ ხელისუფლებამ ბევრი შეძლო: უპირველეს ყოვლისა, დაგვიბრუნა განცდა, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდა, გააღვივა ეროვნული სიამაყე და ენერგია. ამ პერიოდს საქართველო შეცდომების გარეშე ალაბათ ვერ გაივლიდა, მაგრამ ეს არ ამართლებს  ქუჩის, იარაღის თუ გადატრიალების გზას!

დღეს ამ ისტორიის გადაფასების დრო დადგა. ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, გადავდგა პირველი ნაბიჯი და ეს სიმართლე ყველამ ერთად ვაღიაროთ.  დროა ჩვენი ისტორია, სამართლებრივ და სამართლიან გზას დავუბრუნოთ. დროა საჯაროდ დავგმოთ ანტიკონსტიტუციური გზა და ლეგიტიმურ ხელისუფლებას  და  ყოფილ უზენაეს საბჭოს კუთვნილი ადგილი აღვუდგინოთ ჩვენს ისტორიაში. ეს არის პირველი ნაბიჯი.

ჩვენ გვჭირდება ასევე ახალი მიდგომები. 

ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება მომავლის ორიენტირი ანუ პერსპექტივა, ხედვა. ახალი მიდგომა გვჭირდება ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ აფხაზ და ოს მოსახლეობასთან დასაახლოვებლად. ოკუპაციაზე მხოლოდ მუდმივად აპელირება არასაკმარისია, თუ იმავდროულად არ ვეძებთ გზებს აფხაზებთან და ოსებთან ფიზიკური და ზნეობრივი დისტანციის შემცირებისთვის და ერთობის აღდგენისთვის. თუ იმავდროულად ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში ქართველი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას ვერ ვახერხებთ; ოკუპაციას არ ვეგუებით და არ შევეგუებით. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, მხოლოდ გაჩერებაა  დამღუპველი.

გაყინული კონფლიქტებისა და ოკუპაციის დასაძლევად გვჭირდება ახალი მიდგომა და თვითიზოლაციიდან გამოსვლა: შეიძლება არ გვჯეროდეს, რომ დიალოგი რამის მომტანია. გასაგებია,  რომ არ ვენდობოდეთ ქვეყანას, რომელმაც მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. თუმცა არ შეიძლება, მთელი მსოფლიოსგან და ჩვენი უახლოესი პარტნიორებისგან განსხვავებით, ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც  დიპლომატიაზე უარს ამბობს.

ისიც უნდა ითქვას და ამაში ოპოზიციას გარკვეულწილად ვეთანხმები, რომ რუსეთთან მხოლოდ პარალელური გზა არ ამართლებს, რადგან მას აკლია ის ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რაც თან ახლავს ფორმალურ მოლაპარაკებებს. უნდა ვიცოდეთ, რომ დიალოგი არ ნიშნავს რამის აღიარებას, მოლაპარაკება არ ნიშნავს დათმობას, ხოლო დიპლომატიაზე უარის თქმა ნიშნავს ყველა ბერკეტის ხელიდან გაშვებას და გაყინვას. დიალოგს კი თავისი ფორმატი აქვს და  ჩვენთვის აუცილებელია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ მიმართულებით.

ახალი მიდგომა გვჭირდება კავკასიაში ჩვენი მეზობლების  და ახალი მოცემულობის გათვალისწინებით, საჭიროა საქართველომ დაიბრუნოს ისტორიული როლი, როგორც კავკასიის ძრავამ და გამაერთიანებელმა. ამისთვის შესაძლებელია ვიფიქროთ „კავკასიური მშვიდობის პლატფორმის“ იდეაზე,  რომელიც შეკრებს კავკასიის ქვეყნებს, გარე აქტორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ასეთი პლატფორმა ხელს შეუწყობს ერთობლივი  ინფრასტრუქტურული,  ეკონომიკური თუ კულტურული პროექტების წარდგენასა და განხორციელებას. გააძლიერებს ამ რეგიონის პოტენციალს, შეასრულოს სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგეტიკის „hub“- ის როლი. თბილისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ადგილი, როგორც კავკასიური იდენტობისა და კავკასიური კვლევების ცენტრმა. ჩვენ თუ ამას არ ვითავებთ, ამისთვის ბევრი სხვა კანდიდატი უკვე მზადაა....

ახალი მიდგომა ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, რამეთუ მხოლოდ ლაპარაკი, რომ ევროპასა და ნატოს ვუახლოვდებით და გაწევრიანების კარი ღიაა, არასაკამრისია! ჩვენ მეტი გვინდა! მოლოდინის დრო აღარაა.  აქტიურობის, ახალი ნაბიჯების მოფიქრების და გადადგმის დრო მოვიდა.

ევროკავშირთან გვჭირდება აქტიური ორმხრივი პროცესი, რომელშიც  ჩვენ მას ქცევით და აზროვნებით დავუახლოვდებით და უფრო სწრაფად გავითავისებთ  ევროპული სტანდარტებს (მაგალითად, შრომის უსაფრთხოებისა, ეკოლოგიისა, სურსათის უვნებლობისა და სხვა). იმის დროც მოვიდა, რომ ინტეგრაციის პროცესის თანაავტორი გავხდეთ,  მეტი ინიციატივა გამოვიჩინოთ, პარტნიორებს დავანახოთ ჩვენი პრიორიტეტები და მათთან ერთად განვსაზღვროთ შემდეგი ეტაპის კონკრეტული საფეხურები. 

იგივე მიდგომა გვჭირდება ნატოსთან და ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში:  ახალი ინიციატივები, მაგალითად შავი ზღვის უსაფრთხოების  შესახებ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში. საჭიროა ნატოსთან  თანამშრომლობის ახალი  ფორმების მოფიქრება. ეს კი ჩვენგან მოითხოვს მეტ აქტიურობას, მეტ მოქნილებას და მომავლის ხედვას! 

ახალი მიდგომა გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაშიც გვჭირდება. პანდემიამ საერთაშორისო ურთიერთობების ახალი რაელობა შექმნა, რომელშიც დღესდღეობით მთავარ აქტორებად მხოლოდ დიდი ქვეყნები დარჩნენ. ამ მოცემულობაში გამოსაკვეთია პატარა ქვეყნების გააქტიურების მექანიზმები. შესაძლებელია, რომ ასეთი ინიციატივით საქართველოც  გამოვიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია აქტიური მოთამაშე გავხდეთ როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო ასპარესზე,  ვაყალიბებდეთ საკუთარ ხედვას და მისგან გამომდინარე ინციატივებს გლობალურ საკითხებთან მიმართებაში.

ქვეყნის შიგნით პანდემიამ, ბევრ ტრაგედიასთან ერთად, და ყველას მინდა მივუსამძიმრო, ვისაც ეს შეეხო, შექმნა ახალი მოცემულობა  და დაგვანახა განვითარების  სტრატეგიის აუცილებლობა, რომელიც აისახება გამოკვეთილ პრიორიტეტებში:

პროფესიონალიზმი, ანუ განათლების, გამოცდილების და ცოდნის ერთობლიობა.  პანდემიამ დაგვანახა,   რომ  ქვეყანას ჰყავს მაღალი დონის სპეციალისტები, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პროფესიონალიზმის გადამწყვეტ როლს უკიდურესი საჭიროების ჟამს. ამასთან, გვაჩვენა ახალი კადრების მომზადების, ჩვენი ახალგაზრდების ნიჭის, მათი სამეცნიერო და შემოქმედებითი პოტენციალის მხარდაჭერის აუცილებლობა. ჩვენ უნდა დავეუფლოთ  ახალ ტექნოლოგიებს, რაც ჩვენი ზომის და ადგილმდებარეობის ქვეყნისთვის სწორი მიმართულება და ინვესტიციების მოზიდვის ყველაზე საიმედო გზაა. ეს კი მაღალი კვალიფიკაციის გარეშე არ ხდება. ამ თვალსაზრისით სამწუხაროა, რომ ქუთაისის ახალი საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მნიშვნელობა ჯერ სათანადოდ ვერ არის აღქმული.

რეგიონების გაძლიერება, იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ მმართველობას დაეკისროს მეტი პასუხისმგებლობა, მიეცეს მეტი ინიციატივის უფლება და მეტი მატერიალური, ადამიანური და პროფესიული რესურსი. პოლიტიკური კადრები რეგიონებში უნდა იწყებდნენ მოღვაწეობას და იქ მოიპოვებდნენ ნდობას. ამ თვალსაზრისით მომავალი წლის ადგილობრივ არჩევნებს ექნება ძალიან დიდი დატვირთვა. სოფლად დაბრუნება თავისთავად მოჰყვა პანდემიას. ახლა საჭიროა საფუძვლიანად მომზადდეს ეს პროცესი და ხელი შეეწყოს პროფესიონალი კადრების დამკვიდრებას სოფლად.  ძლიერი რეგიონი ჩვენი მომავალი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ღერძი უნდა იყოს.

ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტად გამოცხადების  აუცილებლობა არსებული პანდემიის  ფონზე ყველასთვის ნათელია!  ამ სფერომ გამოავლინა კიდეც გარკვეული მდგრადობა კრიზისის დაძლევაში! თუმცა პრიორიტეტი უნდა გავრცელდეს მთლიანად მედიცინის დარგზე, რომელსაც ჩვენი ხვალინდელი  ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სექტორად გადაქცევის პოტენციალი გააჩნია. ამისთვის ერთ მთლიან სტრატეგიაში უნდა მოექცეს ყველა შესაძლებლობა და გამოცდილება,   იქნება ეს ტრადიციული ხალხური მედიცინა თუ  ახალ დაავადებებთან ბრძოლაში მოპოვებული თანამედროვე კომპეტენციები, ან კიდევ უზარმაზარი ბალნეოლოგიური, სარეაბილიტაციო და სამკურნალო პოტენციალი. უნდა შეიქმნას ამ სტრატეგიის ერთი ბრენდი - „მედეა“, რომელიც დაგვიბრუნებს ბუნებრივ, ისტორიული ნიშას რეგიონსა და მსოფლიოში.

ამ პრიორიტეტებში ცხადია ვგულისხმობ ონკოლოგიას, რათა დავიბრუნოთ რეგიონული ცენტრის ფუნქცია და ბავშვები ქვეყნიდან გასვლის გარეშე გადავარჩინოთ! 

კულტურა, დროა გავიაზროთ არა როგორც გართობა, არამედ როგორც ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი. ყველაზე მეტად კულტურის სფერო დაიჩაგრა  პანდემიის პერიოდში. ამით საქართველო დაიჩაგრა, რადგან ქვეყნის გარეთ ჩვენ კულტურით გვიცნობენ, ქვეყნის შიგნით კი  კულტურაა ჩვენი მაცოცხლებელი ძალა! ისიც უნდა ითქვას, რომ კულტურის სფერო  საკმაოდ უმოქმედო აღმოჩნდა ამ ურთულეს პერიოდში. უცხოეთში ბევრი ცდილობდა მოეფიქრებინა, როგორ ეარსება კულტურას ასეთ უჩვეულო და ურთულეს ვითარებაში. ჩვენთან ეს ნაკლებად მოხდა. საქართველოში კულტურას მეტი ყურადღება სჭირდება, მეტი ყურადღება სახელმწიფოსგან, თუმცა საჭიროა დაფინანსების ძველი სისტემის გადახედვა, რათა წახალისდეს ინიციატივა, სტიმულირდეს კონკურენტუნარიანობა. ამ სფეროში საჭიროა მეტი ნოვაცია, მეტი შემოქმედებითი ენერგია, მეტი თავისუფლება და გამბედაობა. ამას სჭირდება ძლიერი მენეჯმენტი, საკუთარი ადგილის დანახვა და დამკვიდრება მსოფლიო ბაზარზე.

ეკონომიკის ახალი პარადიგმა, პამნდემიამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ბაზრის პრინციპებზე აგებული ეკონომიკა ვერ პასუხობს მსოფლიო დონის გამოწვევებს. მთავარი პასუხისმგებლობა ჯანდაცვის, განათლების და სოციალური სფეროს უზრუნველყოფისთვის კვლავ სახელმწიფოს ეკისრება და უნდა ეკისრებოდეს კიდეც. მაგრამ საჭიროა მოიძებნოს ახლებური ბალანსი, რომელშიც კერძო სექტორის თავისუფალი მოქმედების არეალი არ შეიზღუდება - პირიქით, უფრო დაცული გახდება - და სახელმწიფო სექტორის როლი კი არსებითი დარჩება. როგორც ვნახეთ, სახელმწიფო სექტორის გაქრობის გეგმა აბსურდული აღმოჩნდა. თუმცა, ამ სფეროში უნდა დამკვიდრდეს კერძო სექტორისთვის დამახასიათებელი ეფექტურობა, მოქნილობა და ანგარიშვალდებულება ყოველ დახარჯულ ლარზე.

ჩვენ გვჭირდება ახალი პოლიტიკა, რომელიც დაეყრდნობა ჩვენს ფასეულობებს, ჩვენს რეალურ რესურსებს; რომელიც ახალგაზრდებს დაუბრუნებს ქვეყნის სამსახურში ჩადგომის სურვილს, უცხოეთში გახიზნულ ადამიანებს - ჩვენს დიასპორას - სამშობლოსკენ შემოაბრუნებს; რომელიც გაგვიჩენს განცდას, რომ გადავლახეთ წარსული და ვაშენებთ მომავალს.

ახალი პოლიტიკა ვერ იქნება დაპირისპირების, დაყოფის და დაშლის პოლიტიკა. როგორც წარსულში, ურთულეს პერიოდებში, დღესაც უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ისტორიული პრინციპი ,,ერთობითა და თანადგომითა მტერსა ზედა ძლევაი”. ეს იყოს ჩვენი გამაერთიანებელი, ეს იყოს ჩვენი მამოძრავებელი. რამეთუ, აქ და ახლა იწყება ახალი საქართველოს მშენებლობა!  ეს პასუხისმგებლობა დიდწილად ამ პარლამენტს ეკუთვნის. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ნაწილმა აირჩია გარეთ დარჩენა, რამეთუ პასუხისმგებლობა ყველასგან მოითხოვს, რომ დღეს, ამ ვითარებაში, ვიყოთ ერთად და გამოვიყენოთ ყველა ჩვენი შესაძლებლობები. მე იმედს გამოვთქამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება, როგორც საჭიროა, რომ ეს პარლამენტი იქნება ის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება. მე მინდა მეათე მოწვევის პარლამენტის წევრებს, ყველას მოგილოცოთ და გისურვოთ ყველას წარმატება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის! დიდი მადლობა!