საქართველოს პრეზიდენტი - სომხეთის პრეზიდენტთან ბიზნესაქტორების ხელშეწყობის რამდენიმე ინიციატივა განვიხილეთ, რათა მათ კონკრეტულ პროექტებზე ერთობლივად ფიქრი და მუშაობა დაიწყონ

საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა ორბელიანების სასახლეში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც პრესისათვის განცხადებები გააკეთეს:

„ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ ჩვენს ქვეყანაში. ეს ვიზიტი ძალიან დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა. პანდემიამ და რეგიონში განვითარებულმა კონფლიქტმა ხელი ძალიან შეგვიშალა და ვერ შევძელით დღემდე ამ ვიზიტის ორგანიზება, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა მიგიღოთ ორბელიანების სასახლეში. 

ჩვენი წინა შეხვედრის შემდეგ, კავკასიაში, ჩვენ ყველა ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით.
ერთი მხრივ, პანდემიამ დააზარალა სამივე ქვეყნის ეკონომიკა, ჩაკეტა მსოფლიო და იმსხვერპლა ადამიანების სიცოცხლე. თუმცა, ბევრად მძიმე იყო რეგიონისა და ცალკეული ქვეყნისთვის ომისგან გამოწვეული მსხვერპლი. მინდა ამ ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო და თანაგრძნობა გამოგიცხადოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო. 

ისევე როგორც კონფლიქტის დროს, ახლაც საქართველო მშვიდობის მხარეს დგას. ამის ნიშნად შეხვედრების, დიალოგისა და სიტუაციის განმუხტვისთვის შეთავაზებული ჩვენი პლატფორმა ძალაში რჩება ნებისმიერ დროს.
სომხეთის პრეზიდენტს, ბატონ სარქისიანს გავაცანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, უკანონო ბორდერიზაცია, გატაცებები, ადამიანების უფლებების ხელყოფა, ამ პანდემიის დროს მით უფრო დამძიმებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და ესკალაცია. 

ყველას კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა კავკასიის განვითარებისთვის უალტერნატივოა. 

რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, განვიხილეთ ასევე, უკრაინაში შექმნილი საგანგაშო ვითარება. შავი ზღვის რეგიონს (არა მხოლოდ) ესკალაცია და დესტაბილიზაცია ემუქრება. ჩვენ გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია დეესკალაცია დღეს ამ რეგიონისთვისაც. 

განვიხილეთ ჩვენი რეგიონის სამომავლო, უნიკალური, ეკონომიკური პოტენციალი, სხვადასხვა გარე აქტორებისგან გაზრდილი ინტერესი, ახალი გეგმები თუ პლატფორმები. ეს ყველაფერი კი, ამ რეგიონის ძალიან დიდ მნიშვნელობას ადასტურებს. თუმცა კავკასიის ქვეყნების როლი გადამწყვეტი რჩება. კავკასიის მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ, ამავდროულად, კავკასია თავის სატრანზიტო და სხვა პოტენციალის გათვალისწინებით, მხოლოდ ღია რეგიონად წარმოგვიდგენია.

კავკასიისა და შავი ზღვის გავლით აზიისა და ევროპის დასაახლოებლად მასშტაბური პროექტების განხორციელება მოითხოვს ყველას და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის, ევროკავშირის აქტიურ მონაწილეობას. 

მნიშვნელოვანია ევროკავშირის ჩართულობა კონფლიქტის საბოლოო დარეგულირებაში, როგორც შემდეგი ინფრასტრუქტურული გეგმების განხორცილებაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. 

ასევე, ვისაუბრეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე ეკონომიკური, ტურისტული, კულტურული პროექტების გაძლიერებასა და განხორციელებაზე. 

ვამაყობთ იმითაც, რომ საქართველოს სომხური წარმოშობის მოქალაქეებს ამ ქვეყანაში ყველანაირი საშუალება აქვთ  შეინარჩუნონ წინაპართა ენა და კულტურა. ამავე დროს, მეტი უნდა გაკეთდეს, ძირითადად, სახელმწიფოს მხრიდან, რათა ისინი სახელმწიფო ენას სრულყოფილად დაეუფლონ და ამგვარად, შეძლონ სრულყოფილი ინტეგრაცია და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ეკონომიკურ, თუ პოლიტიკურ განვითარებაში.

დღეს თქვენი ვიზიტით ძალიან მოხარული ვარ. ჩვენ განვიხილეთ ასევე, ზოგიერთი ინიციატივა, რაც შეიძლება მიღებული იყოს ჩვენს დონეზე, როგორ შევუწყოთ ხელი ბიზნესაქტორებს იმისთვის, რომ ერთობლივად ფიქრი და მუშაობა დაიწყონ კონკრეტულ პროექტებზე. ამით გამოვიწვიოთ ინვესტორების ინტერესი არამხოლოდ თითოეული ქვეყნისთვის, არამედ ერთობლივად, რადგან შეიძლება ბევრად უფრო მიმზიდველი იყოს ასეთი ფორმატი. ამაზე დავიწყეთ დღეს მსჯელობა, რომელიც გაგრძელდება და რომელსაც კონკრეტულ ფორმას მივცემთ. მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს.

დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ვიზიტისთვის და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ახლობლური, მეგობრული ურთიერთობა დროთა განმავლობაში შენარჩუნდა და შენარჩუნდება!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.