საქართველოს პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიაში მოღვაწე სპორტსმენებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიაში მცხოვრებ ქართველ სპორტსმენებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ქართულ სპორტსა და კულტურაში არსებულ სირთულეებსა და პერსპექტივებს.

„მე, როგორც კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხარია ამგვარი შეხვედრები, უცხოეთში როდესაც ვხედავ, ჩვენი ხელოვანები, სპორტსმენები არიან წარმატებულები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, შერეული გრძნობებიც მაქვს და მიზნად ვისახავ, როგორც მთავრობის წარმომადგენელი, ის რეფორმები და სიახლეები გატარდეს ჩვენს ქვეყანაში, რომ ყველა ხელოვანი და სპორტსმენი, ვინც წავა ქვეყნის გარეთ, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, სურდეს დაბრუნდეს საქართველოში და ის გამოცდილება, რასაც უცხოეთში მიიღებს ქართულ კულტურასა და ქართული სპორტის განვითარებას მოახმაროს“, - განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.