საქართველოს პრეზიდენტი პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც დღეს მონაწილეობას მიიღებს პარიზის მშვიდობის ფორუმში.

პარიზის მშვიდობის ფორუმის ოფიციალურ ცერემონიას გახსნის საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. 

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 53 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის: ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი, ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანნესსონი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ, სლოვენიის პრეზიდენტი ბორუტ პაჰორი.

საქართველოს პრეზიდენტი დღესვე სიტყვით გამოვა პარიზის მშვიდობის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე ,,საერთაშორისო თანამშრომლობის შენარჩუნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ (Preserving International Cooperation in the Age of Unpeace).

პანელის მუშაობაში საქართველოს პრეზიდენტი ჩაერთვება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან და ევროპული საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან მარკ ლეონარდისთან ერთად და დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება ასევე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სახელით პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილე სახელმწიფოს ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას.