საქართველოს პრეზიდენტმა ხუთი ქართველი მეცნიერი დააჯილდოვა

პრეზიდენტმა საქართველოში კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განვითარებაში, ძველი ქართული ნათარგმნი და ორიგინალური მწერლობისა და ქართულ-ბიზანტიური საეკლესიო მწერლობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ენრიკო გაბიძაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

„თანამედროვე მოთხოვნებმა არ უნდა დაგვავიწყოს ძველი ქართული ენის და მწერლობის კვლევები, რომლებიც გვიხსნიან იმ მდიდარ საფუძველს, რასაც ქართული ენა ეყრდნობა. ამ მიმართულებით გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის ვაჯილდოვებ პროფესორ ენრიკო გაბიძაშვილს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ოთხი ქართველი მეცნიერი კი, პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა ქართული ენის სიწმინდის დაცვისა და ქართული ენის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის ვახტანგ ელერდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა.

„გადავწყვიტე დედაენის დღეს დამეჯილდოვებინა ადამიანები, ვინც სხვადასხვა კუთხით ემსახურებიან ქართული ენის გადარჩენასა და განვითარებას. ამისი ერთ-ერთი მაგალითია ბატონი ვახტანგ ელერდაშვილი, რომელმაც მის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებთან ერთად სწორედ ციფრული ინსტრუმენტები შექმნა და ქართული ენა ციფრულ სივრცეში შეიყვანა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საზღვარგარეთ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისათვის კი, მაია დარჩია და ლელა ჟორჟოლიანი-ლიკლიკაძე დაჯილდოვდნენ ღირსების მედლით.

„ქალბატონი მაია დარჩია და ლელა ჟორჟოლიანი წლების მანძილზე ასწავლიან ქართულ ენას პრაღის კარლის უნივერსიტეტში, თარგმნიან და აცოცხლებენ მას“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე, ღირსების მედლით დაჯილდოვდა დღეს ზაქარია ფურცხვანიძე, რომელსაც სახელმწიფო ჯილდო საზღვარგარეთ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის მიენიჭა.

„ზაქარია ფურცხვანიძემ კი, გერმანულ სამეცნიერო სივრცეში ქართული ენის კვლევითი მიმართულება გააცოცხლა და ქართული ენა გააჟღერა გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.