ზურაბ მაჭარაძე - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე
შრომითი საქმიანობა დაიწყო 2006 წელს განათლების სამინისტროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის სახელმწიფო სამსახურში. იყო საადვოკატო ფირმის - „ტაბიძე და პარტნიორები“ - ადვოკატი.
2008-2010 წლებში იმყოფებოდა იტალიაში, ქ. ბოლონიაში, სადაც სხვადასხვა დროს მუშაობდა იურიდიულ ფირმაში Studio Agazzani&Associati, საადვოკატო ფირმის „ფრანკო ლუიჯი და სტეფანო დალა ვერიტა და პარტნიორები“ იურისტად, არასამთავრობო ორგანიზაციის Amici dei Popoli ONG უცხოელთა ადმინისტრაციული და ემიგრანტთა სამართლებრივი ხელშეწყობის პროექტის კოორდინატორად, Fondazione Forense Bolognese /Ordine degli Avvocati di Bologna/ სპეციალისტად.
2011-2012 წლებში იყო სსიპ „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ საერთაშორისო ურთიერთობათა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის დირექტორი. 2013-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობის ჯგუფის წამყვან სპეციალისტად.
2009 წელს იყო მილანის უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი. 2011-2012 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, 2015 წლიდან - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, 2012 წლიდან დღემდე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისიტენტ-პროფესორი.
არის ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.
2015 წლის 3 აგვისტოდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილედ.
ფლობს ინგლისურ, იტალიურ და რუსულ ენებს.