საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს პრეზიდენტი

 
 
მუხლი 52.

საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები

1. საქართველოს პრეზიდენტი:

ა) მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს;
ბ) საქართველოს სახელმწიფოს სახელით დებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან;
გ) კონსტიტუციითა და ორგანული კანონით დადგენილი წესით ნიშნავს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს;
დ) მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს; ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს; ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მონაწილეობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესებაში; მთავრობის წარდგინებით პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს;
ე) ორგანული კანონით დადგენილი წესით წყვეტს მოქალაქეობის საკითხებს;
ვ) შეიწყალებს მსჯავრდებულებს;
ზ) კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებს, უმაღლეს სამხედრო, სპეციალურ და საპატიო წოდებებს, უმაღლეს დიპლომატიურ რანგებს;
თ) უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა ან დაითხოვოს იგი, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას;
ი) ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიის ან შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. რეფერენდუმის დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
3. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
 
 
საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ უმაღლესი საბჭო 2 კვირის ვადაში არ დაამტკიცებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მთავრობის იგივე ან სხვა შემადგენლობა, რომლის დამტკიცებასაც კენჭი ეყრება 2 კვირის ვადაში.